ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2026 წლიდან გზების მშენებლობაში მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ ცნობილი ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძისა და მშენებელ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
სამინისტროს ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა იყო სამინისტროს გადაწყვეტილება - 2026 წლიდან ამოქმედდეს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისას მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენების მოთხოვნა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გზის ხარისხისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, 2026 წლიდან სახელმწიფო პროექტებში გზის საფარის ზედა ფენისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს მოდიფიცირებული ასფალტო ბეტონის გამოყენება.
"მოდიფიცირებული ასფალტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გზის საფარის გამძლეობასა და მდგრადობას როგორც მაღალი ტემპერატურის, ისე ყინვის პირობებში. ის უკეთ ეწინააღმდეგება კლიმატურ და მექანიკურ დატვირთვებს, ამცირებს ბზარების წარმოქმნის რისკს, ზრდის გზის ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების უკეთეს მოჭიდებას, რაც მძღოლების უსაფრთხოებასაც უწყობს ხელს.
შეხვედრაზე, ასევე, გაიმართა პრეზენტაციები ასფალტო ბეტონის მოდიფიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თბილი ასფალტო ბეტონის გამოყენების უპირატესობებზე და ტექნოლოგიური ნაცრის ბაზაზე გზის საფუძვლის რეციკლირებისა და სტაბილიზაციის ინოვაციურ მიდგომებზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები,"- ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.