logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ბაკურიანში გადათხრილი გზები ვიზიტორებს დისკომფორტს უქმნის, ტურისტული ნაკადი 20%-ით შემცირდა" - ეკატერინე ორჯონიკიძე

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე ორჯონიკიძის ინფორმაციით, დაბაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტის განვითარების საკვანძო ფაქტორად მიიჩნევა, თუმცა დროებით ტურისტული ნაკადის 20%-ით შემცირებას იწვევს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ეკატერინე ორჯონიკიძე აღნიშნავს, გადათხრილი გზები, სამშენებლო მტვერი და ორმოები, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უცხოელ ტურისტებს დისკომფორტს უქმნის და ზოგჯერ, არჩევანს სხვა კურორტზე აკეთებენ.

ამასთან, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ვიზიტორების არჩევანი ლოგიკურია, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბა ტურისტული სექტორისთვის უფრო მიმზიდველი გახდება.

"ამ ეტაპზე, ბაკურიანში როგორც ცენტრალური გზა, ასევე ჩიხები მთლიანად გადათხრილია. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი წესრიგშია, კონტრაქტორების დაუდევრობის შემთხვევაც გვქონდა, რასაც ადგილობრივების პროტესტიც ემეტება, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რაც ლოგიკურია... დამსვენებლებისთვის, რომლებიც დაბაში დასასვენებლად ჩამოდიან და მტვერი, გადათხრილი გზა ხვდებათ, რა თქმა უნდა, სერიოზული დისკომფორტია. ამასთან, გასათვალისწინებელია, როდესაც დიდი პროექტები კეთდება, მაგალითად, თბილისში ვუძლებთ ხოლმე და მერე დადებითი შედეგი სახეზეა. ვიზიტორების რაოდენობას, რაც შეეხება - დამსვენებლების რიცხვს ბაკურიანის ცენტრალური პარკი კარგად ასახავს ხოლმე, ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია, ალბათ, დაინტერესებული პირები ინფრასტრუქტურულ პროექტზე ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას და სხვა არჩევანს აკეთებენ. ვფიქრობ, ვიზიტორების რაოდენობა მაქსიმუმ 20%-ით შემცირდა, თუმცა ახლა მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე წყალანირებზე მუშაობა შევაჩერეთ, რომ მათ წყალი არ შეუწყდეთ.

ბაკურიანში ვიზიტორები ზამთრის პერიოდში, ძირითადად ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, ჩამოდიან, ჩვენი სათხილამურო ტრასა აინტერესებთ. ამჟამად, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ზოგადად, აზიური ბაზრიდან ტურისტებმა ძალიან მოიმატა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ევროპელი სტუმრების რიცხვმა დაიკლო. ზოგად ჭრილში, აზიური ბაზარი მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტია და ჩვენთვის საინტერესოა", - აღნიშნავს ეკატერინე ორჯონიკიძე.

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე დაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილზე მოცულობით ყველაზე დიდი პროექტი წყლისა და წყალანირების შეცვლაა, რომლის საინვესტიციო ღირებულება ₾200 მლნ-ზე მეტია.

ეკატერინე ორჯონიკიძის ინფორმაციით, ბაკურიანში ცალ-ცალკე, კონკრეტულ უბნებში წყალმომარაგება ვერ შეიცვლება, რადგან კურორტის არეალი ისეთი ტიპისაა წყალმომარაგება ყველა ქუჩაზე უნდა შეიცვალოს და შემდეგ საერთო შემკრებზე შეერთდეს.

"გარკვეული სახის შეფერხებები გვაქვს, მაგალითად, აპრილ-მაისში ბაკურიანში სულ წვიმებია, შემდეგ კი, ტურისტული სეზონი დგება და მოსახლეობას წყლის მიწოდება, რომ არ შეუწყდეს სამუშაოები ჩერდება. ყველაფერი, თუ ნორმალურად წავიდა 2026 წელს აღნიშნული პროექტი დასრულდება და გზებისა და ჩიხების კეთილმოწყობა დაიწყება.

დაბაში აქტიურად  მიმდინარეობს, დასრულების ფაზაშია თანამედროვე, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება მორგებული სკოლამდელი ასაკის ბავშვების საჭიროებებზე. პროექტის ღირებულება ₾3 მლნ-ზე მეტია, 15 სექტემბერს უკვე ბავშვები ბაღში შევლენ. 

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რამდენიმე დღის წინ, ბიატლონის ახალი ტრასა დაათვალიერა, რომელმაც უკვე უმასპინძლა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 18.2 მილიონ ლარზე მეტია.

ამასთან, მნიშვნელოვანი პროექტია ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალურ და ტურისტულ სერვისს გააერთიანებს ერთ სივრცეში.

შენობაში განთავსდება ბაკურიანის განვითარების სააგენტო, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეციალური ტექნიკის სადგომი, ადმინისტრაციული ოფისები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჰაბი მოემსახურება, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე დამსვენებლებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო სისტემის ორგანიზებას მთელ კურორტზე. პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება.

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით იწყება ახალი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გადაადგილებას, შეამცირებს ავტოტრანსპორტზე დამოკიდებულებას, განტვირთავს მოძრაობას და  ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 

მინდა გითხრათ, რომ ბორჯომ-ბაკურიანს შორის საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც იგეგმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ვიზიტორი ჩამოდის, მაგალითად, ჰაიკინგის მიმდევრები ტყეში სეირნობით განსაკუთრებით დაინტერესებული არიან - პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, ₾7 მლნ-ია და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს", - აცხადებს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე.

ცნობისთვის, ბაკურიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოებს უკვე მეორე წელია ახორციელებს. სისტემების მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება 2024 წლის დასაწყისში გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაკურიანში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა.

გამოგვყევით