logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"აშშ-სა და ევროკავშირის სატარიფო შეთანხმებას საქართველოზე პირდაპირი ასახვა არ ექნება" - ვახტანგ ჭარაია

აშშ-სა და ევროკავშირის სატარიფო შეთანხმებას საქართველოზე პირდაპირი ასახვა არ ექნება, - ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნული შეთანხმების შეფასებისას "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სატარიფო პოლიტიკით ორივე მხარე გარკვეულ სარგებელს მიიღებს, თუმცა ხელშეკრულება უფრო მეტად აშშ-ის სასარგებლოდ არის, რადგან ის იმ შემოსავალს მიიღებს, რასაც აქამდე ვერ იღებდა.

"ევროკავშირი და აშშ დღეს, მკაფიოდ გამოხატავენ იმას, რომ მეგობრობასთან ერთად, კონკურენტები არიან. ეს უკვე მათ ყოველდღიურ ეკონომიკურ საქმიანობაში, თუ პოლიტიკურ ჭრილში გავლენას მოახდენს. ფაქტია, რომ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი მკაცრი და ხისტი პოზიციების მომხრეა და ამას იყენებს როგორც თავის მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, ისე მტრულად განწყობილ ქვეყნებთან. ევროკავშირთან მიმართებით,  აქამდე არასდროს ყოფილა ასე ღიად და ხმამაღლა გაცხადებული, რომ ევროკავშირი და ამერიკა კონკურენტები არიან და ბევრი მიმართულებით, აშშ თავის სარგებელს ითხოვს. მაგალითად, ევროკავშირს ბუნებრივი აირის უფრო ძვირად ყიდვა მოუწევთ, ტარიფები დაუწესდება ლითონის პროდუქციის ექსპორტს და სხვა, თუმცა ევროკავშირი მიიღებს იმას, რაც მას შეზღუდულად აქვს - ეს არის შეიარაღება, რომელიც ძალიან სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ გარკვეული პოზიციები გაცვალეს და თითოეული მხარე მიიღებს იმას, რაც უფრო მეტად სჭირდებათ -  აშშ უფრო მეტ შემოსავალს, ევროკავშირი უფრო მეტ პროდუქციას, რომელიც მას სჭირდება, რათა რუსეთისგან უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდეს და უკრაინას უფრო მეტად დაეხმაროს. 

ორივე მხარე გარკვეულ სარგებელს მიიღებს, თუმცა ხელშეკრულება უფრო მეტად აშშ-ს სასარგებლოდ არის, რადგან ის იმ შემოსავალს მიიღებს, რასაც აქამდე ვერ იღებდა, ხოლო ევროკავშირი იარაღის შეძენას ასე თუ ისე მაინც შეძლებდა, უბრალოდ მას სტაბილური და გარანტირებული მიწოდება სურდა. ეს არის ის, რაც ამ შეთანხმებიდან პირდაპირ იკითხება. 

რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით აღნიშნულ საკითხს -  ამ შეთანხმებას საქართველოზე პირდაპირი ასახვა არ ექნება, თუმცა ის, რომ აშშ არავის ზოგავს შეიძლება, მათ შორის, ჩვენთვისაც ნიშანი იყოს. ევროკავშირის მხრიდან მსგავს დათმობებზე წასვლა, შეიძლება, მისი ეკონომიკისთვის დასუსტების მომტანი იყოს, რამაც შეიძლება საქართველოზე წნეხი შეარბილოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის სხვანაირი გადაწყობა მოხდეს. 

მთლიანობაში ამ შემთხვევაში საქართველოზე ნეგატიური წნეხი არ იზრდება, თუმცა არც პოზიტიური ხდება რამე, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკას ხელშესახები სარგებელი მისცეს", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია. 

ცნობისთვის, ევროკავშირმა და აშშ-მა სატარიფო შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის საქონლის უმეტესობაზე 15%-იანი იმპორტული ტარიფი დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს. 

სავაჭრო შეთახმების ჩარჩოს მიხედვით, ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქტების დიდ ნაწილზე 15%-იანი ტარიფი ამოქმედდება, ნაცვლად 30%-სა, როგორც ეს შეთანხმების გარეშე იქნებოდა.

ეკონომიკა

გამოგვყევით