ქართული კომპანია "ფუდსი", რომელიც ნატურალურ ყველს და აჯიკას საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და საკუთარი ბრენდის ქვეშ ყიდის, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას აგვისტოში გეგმავს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი თურმანიძე აღნიშნავს, კომპანია ამჟამად, სოციალური ქსელის მეშვეობით, 3 სახეობის ყველს და 4 ტიპის აჯიკას ყიდის, პროდუქციის გაზრდა კი, რძის ხაზის მიმართულებით იგეგმება, კერძოდ, პოტენციურ მომხმარებელს დამატებით ხაჭოს, არაჟანს, ერბოსა და ნადუღს შესთავაზებს.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, გაფართოების მიზეზი მზარდი მომხმარებელია, ხოლო აღნიშნული ინიციატივის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე, 15 000 ლარს შეადგენს. ამასთან, გიორგი თურმანიძის ვარაუდით, ბიზნესს მოდელის გაფართოების შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობა, უახლოეს მომავალში 3-ჯერ გაიზრდება.
მისივე თქმით, მომხმარებლებმა "ფუდისის" იდეა ზოგად ჭრილში პოზიტიურად შეაფასა, რადგან კომპანიას ჩამოთვლილი პროდუქტების ფასი ადგილობრივ ბაზართან შედარებით გაცილებით დაბალ ნიშნულზე აქვს და ამავდროულად, მიტანის სერვისი კომფორტულ გარემოს ქმნის. როგორც გიორგი თურმანიძე აღნიშნავს, წარმადობის კუთხით, 2 დღეში დაახლოებით, 150 კგ იმერული ყველი და 70-დან 80 კგ-მდე სულგუნი იყიდება.
"კომპანიის არსია, რომ საბოლოო ჯამში, ონლაინ ხილ-ბოსტანი მივიღოთ. აღნიშნულ სფეროში ყველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროდუქტია. ამ ეტაპზე, 3 სახეობის ყველი გვაქვს - იმერული, ჩვეულებრივი სულგუნი და შებოლილი სულგუნი. რძის პროდუქტების გაფართოებას ვგეგმავთ, პროდუქტის მომწოდებლების ჯაჭვი უკვე გვყავს, საჭირო ინვენტარის შეძენაზეც ვიზრუნეთ, წვრილმანი საკითხები დაგვრჩა და ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილი ასორტიმენტით ვიქნებით წარმოდგენილი", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
გიორგი თურმანიძე უშუალოდ მომხმარებლების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს პროდუქტს უმეტესწილად თბილისში მცხოვრებლები იძენენ. მიწოდება ხდება დედაქალაქთან ახლოს მდებარე პუნქტებზეც, სადაც კომპანიის თანამშრომელი - კურიერები მაცივარი ავტომანქანებით გადაადგილდებიან.
"ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, უცხოელები ჯერ არ გვყოლია. ყველი საქართველოს სხვადასხვა, კუთხეებიდან ჩამოგვაქვს. რეგიონებში აღნიშნული პროდუქტი თბილისთან შედარებით ბევრად იაფია და სახლის პირობებში დამზადებულ ნატურალურ, ხარისხიან, ბიუჯეტურ პროდუქტებს თავად ვიღებთ. ყველაფერი დაცულია, საბუთები წესრიგში გვაქვს, კერძოდ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად პროდუქციას ვამოწმებთ შემდეგ "დასტიკრებას", ბრენდირებას ვუწევთ და მომხმარებელს ონლაინ გაყიდვების საშუალებით ვაწოდებთ.
ფასებს რაც შეეხება, სეზონურია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კონკურენტებთან შედარებით დაბალ ნიშნულზე იყოს", - აღნიშნავს გიორგი თურმანიძე.
კომპანია "ფუდსის" დამფუძნებელი უშუალოდ აჯიკის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ წინა თვეში (ივლისში) დაახლოებით, პროდუქტის ოთხივე სახეობა ჯამში 250 კგ-მდე გაიყიდა.
"აჯიკის 4 სახეობა გვაქვს - მწვანე, წითელი, სვანური მარილი და მშრალი მარილი. ამ მიმართულებით დაინტერესება ნაკლებია. აჯიკის ფასი (ოთხეულის ფასი) 35 ლარია. ნედლეულს სამეგრელოში ქალაქ ზუგდიდში ვყიდულობთ, ერთ-ერთ წარმოებასთან ვთანამშრომლობთ - მარილიანობა, სიმწარე ყველაფერი გადამოწმებულია", - აცხადებს გიორგი თურმანიძე.
ცნობისთვის, ქართული კომპანია "ფუდსი", რომელიც ნატურალურ ყველს აჯიკას აწარმოებს ადგილობრივ ბაზარზე 2 თვეა ოპერირებს. ამჟამად, წარმოებაში 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო ნედლეულს საქართველოს მასშტაბით იძენს. კერძოდ, ყველს ძირითადად დასავლეთ რეგიონში, სხვადასხვა, სოფელში ადგილობრივი ფერმერებისგან იძენს, ხოლო აჯიკას სამეგრელოში, ოზურგეთში პარტნიორი საწარმოდან ყიდულობს.