logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

Teliani Valley: თავიდანვე კომპანიის მიზანი ბაზრის ლიდერობა იყო, ეს მიზანი დღემდე ძალაშია

რუბრიკა  "ღვინის გზა" 

საქართველო არის ქვეყანა, სადაც ვენახები კულტურის ნაწილია და ღვინის დაყენების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. "ბიზნესპარტნიორის" რუბრიკაში "ღვინის გზა" მოგიყვებით კომპანიაზე, რომელმაც შეძლო ამ ტრადიციების თანამედროვეობაში გადატანა. ისინი იყენებენ ქვევრის ტექნოლოგიას, თუმცა არ ივიწყებენ თანამედროვე მიდგომებს, ხარისხისა და სტანდარტების გათვალისწინებით. შესაბამისად, ადგილობრივი ბაზრის გარდა კომპანიის ღვინოები ევროპის ქვეყნებშიც იყიდება.

"თავიდანვე კომპანიის მისია და მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც ბაზრის ლიდერი გახდებოდა და ფართო მასებში პოპულარობას მოიხვეჭდა, ეს მიზანი დღემდე ძალაშია" - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში "თელიანი ველის" კომერციული დირექტორი, ირაკლი ბოკუჩავა საუბრობს.

მეღვინეობა "თელიანი ველი" 700 ჰექტარ ვენახს ფლობს, თუმცა ყურძენს ადგილობრივი გლეხებისგანაც იბარებს. ამ ეტაპზე კომპანია 50 განსხვავებულ ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიციული ჯიშებისგან. ღვინო კი საქართველოს გარდა კიდევ  30 ქვეყანაში იყიდება.

"ქვევრის ღვინო არის კარის გამღები, რომელიც თავისი გემოთი გამორჩეულია და იშვიათია ვინმეს პორტფელში იყოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციული წესით დამზადება, თუმცა ფართო მასებისთვის კლასიკური ღვინოებიც გვაქვს. ღვინის სააგენტო ძალიან გვეხმარება, კარგი საკონსულტაციო კომპანიები ჰყავთ დაქირავებული პრიორიტეტულ ბაზრებზე, რომლებიც პროფესიონალურად უდგებიან ამ საქმეს და ქართული ღვინის პოპულარიზაციას. მაგალითად, ამერიკის ბაზარზე, ჩვენც და პატარა კომპანიაც ერთნაირ პოზიციაში ვართ, არავინ გვიცნობს, შესაბამისად მარკეტინგული სამუშაოები ყველასთვის გასაკეთებელია",- ამბობს ირაკლი ბოკუჩავა.

მისივე თქმით, 10 წლის წინ სულ სხვანაირი კულტურა იყო ღვინის მოხმარების, რაც წლების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა და იხვეწებოდა, შესაბამისად ახლა რომ შევადაროთ რა ხდება ღვინის თაროებზე და მაღაზიებში, ვნახავთ, რომ კონკურენცია დიდია. მგონი ღვინის მცოდნე და ექსპერტი არ არსებობს, რომელსაც არ სმენია ქართული ღვინის შესახებ და მეტიც, არ გაუსინჯავს.

"ეს მუდმივად გვიბიძგებს, რომ ხარისხი გავაუმჯობესოთ, სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს. როდესაც ევროპის ბაზარზე შედიხარ, სადაც გხვდება იტალიისა და საფრანგეთის ღვინოები, რთულია კონკურენციის გაწევა, თუმცა ჩვენ სიახლე შეგვაქვს, ღვინის და ღვინის სტილის მიხედვით, გვაქვს მაგალითად, რქაწითელი და საფერავი, ეს მათთვის სულ სხვა რამეა, სიახლეა. ღვინო ისეთი ინდუსტრიაა, რომ მოკლევადიან გათვლებს ვერ აკეთებ, ამიტომ რასაც ახლა ვაკეთებთ, ამის შედეგი რამდენიმე წელში იქნება",-ამბობს ირაკლი ბოკუჩავა.

კომპანიაში ამბობენ, რომ გერმანია, ამერიკა და ინგლისი ძალიან კონკურენტუნარიანი ბაზრებია, თუმცა მომავალში "თელიანი ველის" გეგმაა, რომ სწორედ ამ ბაზრებზე დაიმკვიდროს თავი.

გამოგვყევით