ვთვლი, რომ უცხოელი ვიზიტორი უფრო მეტად ინფორმირებულია იმ ადგილის შესახებ, სადაც მოგზაურობას გეგმავს - მან ზუსტად იცის სად მიდის და რა უნდა. თუ შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათავგადასავლო ტურიზმით ქართველებიც ინტერესდებიან, თუმცა უცხოელი ვიზიტორები უფრო მომზადებულები არიან, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ტურისტული კომპანია Universal Travel-ის დამფუძნებელმა გიორგი ჩინჩალაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები განტვირთვისთვის კლასიკურ დასვენებას ირჩევენ, ვიდრე ექსტრემალურს.
"ვერ ვიტყოდი, რომ დღეს ლაშქრობაში ადამიანს რომელიმე საფეხმავლო ბილიკზე სიარული გაუჭირდება. უმეტეს შემთხვევაში ბილიკებზე მოწესრიგებულია შესაბამისი მანიშნებლები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეებში სათავგადასავლო ტურიზმის კუთხით, ინფრასტრუქტურის ნაწილი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის. ვთვლი, რომ უბრალოდ ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებაში ნაკლები ინფორმაციაა და პრობლემაც აქედან გამომდინარეობს", - აცხადებს გიორგი ჩინჩალაძე.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ეტაპი არ დასრულებული და გრძელდება.
"სათავგადასავლო ტურიზმს ტურისტი წლების განმავლობაში არ მოაკლდება. მთავარია, სწორად მართვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. თუ ყველაფერს სწორად დავგეგმავთ და გვექნება შესაბამისი გამოცდილება ტურისტული ნაკადი ყოველთვის მზარდი იქნება", - აღნიშნა გიორგი ჩინჩალაძემ.