საქართველოში სოციალური საწარმოების მიერ დამზადებულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და ქვეყანაში პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკის“ ხელმძღვანელმა სალომე კუსიანმა განუცხადა, 2022 წლიდან დღემდე, „ესკიში“ სოციალურად პასუხისმგებლობიანი შენაძენი 6000-მდე მომხმარებელმა გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე ამდენივე ადამიანმა გაიცნო ქართველი სოციალური მეწარმეები, მათი პროდუქცია და საქმიანობის დადებითი გავლენა გარემოსა, თუ ადამიანებზე.
„ჯამში, ბოლო 3 წელში, „ესკიმ“ შეძლო და სოციალური საწარმოებისთვის 80 ათასი ევროს შემოსავლის გენერირება მოახერხა“, - აღნიშნა სალომე კუსიანმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, მომხმარებლებს შორის საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელები დომინირებენ და ისინი მყიდველების 60%-ს შეადგენენ, ქართველი მომხმარებლების წილი კი 40%-ია.
„თუმცა, უნდა ითქვას, რომ წლიდან წლამდე იზრდება ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესიც, ვინაიდან მაღლდება მათი ცნობიერება სოციალური მეწარმეობის შესახებ“, - განმარტა სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და ქვეყანაში პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკის“ ხელმძღვანელმა.
მისივე ინფორმაციით, პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნიდან და რეალიზაციის მზარდი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მომდევნო წლებში, „ესკი“ გაფართოებას და ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. ამჟამად კი, ქვეყანაში პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია მხოლოდ ძველ თბილისშია წარმოდგენილი და დღეისათვის, 30-მდე სოციალური საწარმოს 650-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს.