logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"გზების მშენებლობაში მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენება ექსპლუატაციის ვადებს გაზრდის" - ICCA-ს დირექტორი

გზების მშენებლობაში მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენება ექსპლუატაციის ვადებს გაზრდის - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ხარისხთან ერთად, შესაბამისი ღირებულებითი ზრდაც მოხდება, თუმცა მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენება უფრო სწორი ინვესტიცია იქნება.

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისთვის ხარისხის მიმართ მოთხოვნები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხარისხზე მოთხოვნა სამუშაოების სტანდარტების გაზრდასთანაც არის დაკავშირებული. მათ შორის, მასალის, ტექნოლოგიის და სხვა მიმართულებების, რაც უშუალოდ მშენებლობის პროცესში მონაწილეობს. 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს, რომ მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენება დაიწყოს - რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინიციატივაა, რასაც ცალსახად მივესალმებით. ამ ინიციატივის მიზანია ასფალტი უფრო გამძლე და ელასტიური გახდეს, უკეთესი მოჭიდება ჰქონდეს, მდგრადი იყოს წყლის მიმართ, რაც რა თქმა უნდა, ექსპლუატაციის ვადებს გაზრდის. გარდა ამისა, ეს იმოქმედებს როგორც მგზავრების უსაფრთხოებაზე, ასევე, შეამცირებს მოვლა-პატრონობის ხარჯებსაც. 

თავისთავად, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მასალის შესყიდვის ფასს გაზრდის. ხარისხთან ერთად, შესაბამისი ღირებულებითი ზრდაც მოხდება. ანუ, გაიზრდება ასფალტ-ბეტონის ხარისხი და შესაბამისად, გაიზრდება მისი ღირებულება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღირებულება არ ნიშნავს მხოლოდ პირველადი ინვესტიციის ხარჯს, არამედ ღირებულება ექსპლუატაციის ვადაზე ითვლება. შესაბამისად, ღირებულება უნდა გავყოთ ექსპლუატაციის ვადაზე და გამოვა, რომ მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენება უფრო სწორი ინვესტიცია იქნება", - აცხადებს ირაკლი გიორგობიანი. 

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2026 წლიდან გზების მშენებლობაში მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ ცნობილი ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძისა და მშენებელ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 

გამოგვყევით