„ზაფხულის ტურისტული სეზონი ნამდვილად მაღალი აქტივობით გამოირჩევა და მიმდინარეობს ძალიან დიდი დატვირთულობით,“ - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს.
მისი თქმით, მაღალი აქტივობა შეინიშნება როგორც სასტუმროებში, ისე სხვადასხვა ტიპის ტურისტულ ობიექტებში, სადაც მრავალი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს.
„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ იმ სტრატეგიული ბაზრებიდან ჩამოდის, რომლებზეც ჩვენ განსაკუთრებით ვმუშაობთ. ეს ქვეყნები დაკავშირებულია პირდაპირი ავიამიმოსვლით და სწორედ იქ ახორციელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს.
ეს ქმედებები, რაც დაგეგმილად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს, საბოლოოდ აისახება როგორც ტურისტების რაოდენობაზე, ისე მიღებულ შემოსავლებზე. ვიზუალურად რაც ჩანს მაჩვენებლები სრულ თანხვედრაშია ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან, სადაც დაფიქსირებულია მოგზაურობის ზრდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება,“ - აცხადებს ომიაძე.
მისივე თქმით, ზაფხულის სეზონი წარმატებულია როგორც კურორტებზე, ასევე იმ ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობით, რომელ ბაზრებზეც მარკეტინგული სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს.
„ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს,“ - დასძენს ომიაძე.