ესპანური ტურისტული ბრენდები, მათ შორის, Melia, Barcelo და Riu Hotels საქართველოში სასტუმრო ქსელის გაფართოებით, შესაძლოა, დაინტერესდნენ. Barcelo უკვე წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე და წარმატებით ასრულებს საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენელმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, ალექსანდრე ჭკუასელმა "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ტურიზმის გარდა, საქართველოსა და ესპანეთს შორის, როგორც თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, კიდევ რამდენიმე სექტორი გამოიკვეთა.
"ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განვავითაროთ და ის პოტენციალი ავითვისოთ, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულად მესახება - განსაკუთრებით რეგიონალური პოლიტიკის, სექტორული მოთხოვნების და ეკონომიკური დინამიკის გათვალისწინებით.
გამოვყოფ იმ მიმართულებებს, სადაც თანამშრომლობის ყველაზე დიდი პოტენციალი გვაქვს. პირველ რიგში, დავასახელებ ტურიზმის სექტორს, რადგან ესპანეთი ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული ტურისტული ბაზარია მსოფლიოში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნებოდა გამოცდილების გაზიარების და ინვესტიციებისა და მომსახურების სტანდარტების მხრივ. გარდა ამისა,
ტურიზმის გარდა, კარგი პოტენციალი აქვს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას. ორივე ქვეყანა ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას მიჰყვება. ესპანეთი უკვე ლიდერია მზისა და ქარის ენერგიის მიმართულებით. საქართველოს კი მდიდარი ჰიდრო რესურსები და მზარდი ინტერესი აქვს მზის ენერგიის განვითარებაში.
ასე, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში - ტურიზმი, მწვანე ენერგია, საკვების ექსპორტი და ციფრული სექტორი იქნება ის ძირითადი სფეროები, სადაც ორივე მხარემ შეიძლება სარგებელი მიიღოს", - აცხადებს ალექსანდრე ჭკუასელი.
ესპანეთის სამეფოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მიღწევებსა და პერსპექტივებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ესპანეთის სამეფოში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, ალექსანდრე ჭკუასელთან სრული ინტერვიუ იხილეთ აქ.