logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საკითხები, რომლებიც ავიაციის კომიტეტის შეხვედრაზე განიხილეს - დეტალები

საკითხები, რომლებიც ავიაციის კომიტეტის შეხვედრაზე განიხილეს - დეტალები

1748852204

ქვეყნის საავიაციო სტრატეგია, ვაზიანის აეროპორტის  განვითარების  სტატუსი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა და  სექტორის სხვა მიმდინარე გამოწვევები - ეს ის საკითხებია, რომლებზედაც გამართულ ავიაციის კომიტეტის შეხვედრაზე იმსჯელეს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული დარგობრივი შეხვედრა რიგით მეხუთე იყო და მას საავიაციო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ — მარიამ ქვრივიშვილმა, სავაჭრო პალატის საავიაციო კომიტეტის თავმჯდომარემ — გიორგი მოლოდინაშვილმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ — მაგდა ბოლოთაშვილმა.

საუბრის მთავარი თემა ქვეყნის საავიაციო სტრატეგიაზე მუშაობის დაწყების საკითხების განხილვა იყო. ასევე, კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთების საკითხი, რომელიც ამჟამად რატიფიცირებაზე საქართველოს პარლამენტშია გადაგზავნილი. საერთაშორისო კონვენციასთან მიერთების შემდეგ ქართულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ლიზინგით გაცემა შეეძლებათ.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი. 

საუბარი ძირითადად შეეხო ავიაციის განვითარებისთვის და ზოგადად, ოპერირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ საკითხებს. მათ შორის, ვაზიანის აეროპორტის განვითარების სტატუსს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას.

,,ჩვენი თანაორგანიზებით, ავიაციის კომიტეტის წევრებთან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ დღესდღეობით საქართველოს საავიაციო სექტორში არსებული გამოწვევები, ყველა ტექნიკური დეტალი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის და სექტორში დასაქმებული სხვა წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კეიპტაუნის კონვენციის საკითხის განხილვა. აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ წლის ბოლომდე საქართველო მიუერთდება კეიპტაუნის კონვენციას, რაც საშუალებას მისცემს და გაუადვილებს ავიაკომპანიებს საჰაერო ხომალდების ბაზირებას საქართველოში. 

განვიხილეთ ყველა მიმდინარე პროექტი, რომელზეც ამ დროისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით მუშაობს, მათ შორის ვისაუბრეთ  ვაზიანის აეროპორტის სტატუსზე, ქუთაისში მიმდინარე 3,5 კმ-იანი ასაფრენ დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ავიაციის კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და წევრებმა ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე ასევე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში იანვარ-აპრილში მგზავრთნაკადის ისტორიულ მაჩვენებელზე.

გამოგვყევით