21 ივნისს, ბათუმში QooQy Bakery საწარმოსა და ბრენდულ მაღაზიას ხსნის. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" QooQy Bakery-ის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში, კობალაძის 4 ნომერში ახალი საწარმო და პირველი ბრენდული მაღაზია ამჟამად, რემონტდება.
"კომპანიას თბილისში 4 ფილიალი აქვს და ბათუმის ფილიალი მეხუთე იქნება. რაც შეეხება ასორტიმენტს - 3 სახეობის პური დაგვემატა და ჯამში, ამჟამად 10 სახეობის პური გვაქვს. ნორმალური ტემპით მივდივართ. აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვთანამშრომლობთ HoReCa სექტორთანაც. თითქმის 50-მდე პარტნიორი ობიექტი გვყავს და ამ მიმართულებით უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ. ამჟამად, ჩვენი გაყიდვების 30% HoReCa სექტორზე მოდის. გარდა ამისა, "ევროპროდუქტების" ქსელში შევდივართ", - აცხადებს ილია გეფერიძე.
კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, HoReCa სექტორის მხრიდან ინტერესი მაღალია, თუმცა QooQy Bakery პარტნიორებს თავად არჩევს.
ცნობისთვის, QooQy Bakery-ს პირველი ფილიალი თბილისში 2021 წლის 17 ივლისს გაიხსნა. ამ ეტაპზე კომპანია 4 ფილიალით არის წარმოდგენილი. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ეტაპობრივად კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნას გეგმავს.