2024 წელს საქართველოდან მსოფლიოს 107 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელმა 2024 წლის მონაცემებით, 180 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 17.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით, 2023 წელთან შედარებით, 5%-იანი ზრდა აღინიშნა. ასევე, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში 5.0 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.6 მილიარდი ლარით (108%) აღემატება.
"აგრობიზნესის პროდუქციის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 4,578 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა, დაახლოებით, 889 მილიონი ლარის ღირებულების 5,218 სესხი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 211 მილიონი ლარი,"-აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.