კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშში ComCom-ის მედიააკადემიის სამივე მიმართულების - მედიასკოლის, მედიალაბის და მედიაკრიტიკის გასული წლის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები დეტალურადაა შეჯამებული.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, მედიასკოლამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. კერძოდ, 2024 წელს შეიქმნა „მედიასკოლის სტუდია“, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის მედიაში კარიერის დაწყებისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სტუდიას 2024 წელს 14 სერტიფიცირებული კურსდამთავრებული ჰყავდა, რომელთაგანაც რამდენიმე უკვე სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში დასაქმდა. კერძოდ, კურსი სრულიად უფასოდ სთავაზობდა მონაწილეებს, 4 თვის განმავლობაში, რეალურ სამუშაო გარემოში დაუფლებოდნენ ჟურნალისტიკას და შეექმნათ მრავალფეროვანი პორტფელი. „მედიასკოლის სტუდია“ ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და მას სფეროს პროფესიონალები უძღვებიან, რის შედეგადაც, კურსის ბოლოს, მონაწილეებს მაღალი ხარისხის მედიაპროდუტის დამოუკიდებლად შექმნა შეუძლიათ.
გარდა ამისა, ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის მედიასკოლა 2024 წელსაც აქტიურად აგრძელებდა „მასტერკლასის“ პროექტს. სერიებს გასულ წელს 4 ახალი ავტორის ვიდეო-ლექციები დაემატა, რაც ყველა დაინტერესებულ პირს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ ჟურნალისტიკა და მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის მომზადების პრინციპები. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიასკოლამ, მაღალი მედია სტანდარტის დამკვიდრების მიზნით, გასულ წელს შვიდი სემინარი და პრაქტიკული სწავლებაც ჩაატარა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2024 წელს, მედიალაბმა სტარტაპერებისთვის 15-ზე მეტი სემინარი და სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, რეგიონებში და 500-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მედიალაბმა პირველად ჩაატარა კიბერუსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პოზიციების გაძლერებასა და ამ მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ამასთან ერთად, გასულ წელს ორჯერ ჩატარდა სტარტაპიდეების კონკურსი „იდეადრომი“, რომლის მიზანს პოტენციური სტარტაპერების აღმოჩენა და ხელშეწყობა წარმოადგენდა. საგულისხმოა ისიც, რომ მედიალაბმა მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის „მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი“ ჩაატარა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევების გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენას ისახავდა.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს, აქტიურად განაგრძობდა მუშაობას მედიაკრიტიკის პლატფორმაც, რომელიც საზოგადოებას მედიაპროდუქტების კრიტიკულ ანალიზს სთავაზობს. გასულ წელს, მედიაკრიტიკის ვებ-გვერდზე 88 მასალა გამოქვეყნდა, რომელთა მიზანიც საზოგადოებაში ინფორმაციის კრიტიკული აღქმისა და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა იყო. 2024 წლის განმავლობაში კი მედიაკრიტიკას 256,000-მდე ვიზიტორი ჰყავდა.