საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1505 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 103 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 390 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 32 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 1115 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 71 მგვტ.
სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 213 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 177 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 636, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 479 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
სემეკი მომხმარებლებს ახსენებს, რომ განახლებადი ენერგიების გამოყენების მიზნით კომისიის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.
ამასთან, ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
energynews.ge