logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

12 ცნობილი კომპანია, რომელიც 2024 წელს გაკოტრდა

2024 წელი ბევრი კომპანიისთვის რთული და გადამწყვეტი აღმოჩნდა. განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის სექტორისთვის. ინფლაციის ზრდისა და მომხმარებლების ნაკლებობის გარდა, ზოგიერთი კომპანია კიბერშეტევის მსხვერპლადაც იქცა. - წერს CNN-ი.

რა თქმა უნდა, გაკოტრების შესახებ განცხადება სულაც არ ნიშნავს ბიზნესის დაშლას. კომპანიები, როგორც წესი, დავალიანებების დასაფარად და ხარჯების დასაზოგად,  სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ლოკაციებზე მაღაზიების დახურვა ან სულაც ბიზნესის გაყიდვა. 

2024 წლის “ყველაზე დიდი გაკოტრება” შეეხო 12 კომპანიას:

  • Big Lots - რომელიც ფასდაკლებების საცალო მოვაჭრეა, გაკოტრების შესახებ სექტემბერში განაცხადა. მიზეზად კი კერძო ინვესტორთან ჩაშლილი შეთანხმება დაასახელა. შედეგად, კომპანია დარჩენილ 963 ლოკაციაზე ოპერირებას წყვეტს.

  • Bowflex - სახლის სპორტული დარბაზის აღჭურვილობის მწარმოებელმა გაკოტრების შესახებ განცხადება მარტში შეიტანა და ყველა აქტივი, $37,5 მილიონად, ტაივანში დაფუძნებულ კომპანიას გადასცა.

  • Express - ოდესღაც ტრენდული სავაჭრო ობიექტი ივნისში გაკოტრდა და თითქმის 100 მოლი დახურა. ის ასევე ფლობს Bonobos-ის ბრენდს, თუმცა ყველაფერი WHP Global-ს მიჰყიდა.

  • Joann - 81 წლის ისტორიის მქონე, ქსოვილისა და ხელნაკეთობების საცალო მოვაჭრეც გახდა 2024 წლის მსხვერპლი, თუმცა კომპანია კერძო საკუთრებად გადაიქცა, Nasdaq-დან აქციების წილის ამოღების საფუძველზე და 850-ვე მაღაზია შეინარჩუნა.

  • LL Flooring - კომპანია აგვისტოში გაკოტრდა და თავდაპირველად თავის 94 მაღაზიის სრული დახურვის შესახებ განაცხადა, თუმცა კერძო ინვესტიციულმა ფირმამ იყიდა და გადაარჩინა კომპანია.

  • Party City - ოთხი ათწლეულის წინანდელმა საცალო მოვაჭრემ დეკემბერში შეიტანა განცხადება გაკოტრების შესახებ. შედეგად, Party City  მომავალი წლის დასაწყისში, დაახლოებით 700 ლოკაციაზე დახურავს მაღაზიას. ნიუ-ჯერსიში დაფუძნებულ კომპანია ინფლაციური ზეწოლის მსხვერპლი გახდა, რასაც $800 მილიონის დავალიანება დაემატა.

  • Red Lobster - რესტორნების ქსელი, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა კრევეტები და ლობსტერი საშუალო კლასის ამერიკელებისთვის, მაისში გაკოტრდა.  მიზეზი წლების განმავლობაში მარკეტინგის მიმართულებით არასაკმარისი ინვესტიცია, საკვებისა და სერვისის ხარისხი გახდა. 100-ზე მეტი ადგილის დახურვის შემდეგ, Red Lobster სექტემბერში, ახალი მფლობელის წყალობით ამ რთული სიტუაციიდან გამოვიდა და ახლა ახალი ხელმძღვანელობა განახლებულ მენიუზე მუშაობს.

  • Spirit Airlines - ბიუჯეტური გადამზიდი ნოემბერში გაკოტრდა მზარდი დანაკარგების, ვალების, გაზრდილი კონკურენციისა და სხვა ავიაკომპანიებთან შერწყმის შეუძლებლობის გამო. თუმცა Spirit-მა განაცხადა, რომ მომავალ წელს შემცირებული დავალიანებით და გაზრდილი ფინანსური რესურსით დაუბრუნდება ბაზარს.

  • Stoli - Stoli Group USA, რომელიც ალკოჰოლური სასმელების კომპანიაა დეკემბერში გაკოტრდა. მიზეზი, ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნის შემცირება, კიბერშეტევა და რუსეთთან რამდენიმეწლიანი სამართლებრივი დავა გახდა.

  • TGI Fridays - სასადილოების ამერიკულმა ქსელმა კრიზისის შესახებ ნოემბერში განაცხადა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური გამოწვევების მთავარი მიზეზი  Covid-19 პანდემიის შედეგები იყო, თუმცა TGI Fridays გეგმავს რომ შეისწავლოს სტრატეგიული ალტერნატივები, რათა ბრენდის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველყოს.

  • True Value - ტექნიკის მაღაზიის 75-წლიანმა ბრენდმა ოქტომბერში გამოაცხადა გაკოტრების შესახებ და თავისი მემკვიდრეობა კონკურენტს მიჰყიდა. შესაბამისად, მაღაზიების დახურვა აღარ გახდა საჭირო.

  • Tupperware - სამზარეულოს ბრენდმა, რომელიც ცნობილია საკვების შესანახი პლასტმასის კონტეინერებით, გაკოტრების შესახებ სექტემბერში განაცხადა, წლების განმავლობაში პოპულარობის დაცემისა და ფინანსური პრობლემების შემდეგ. ნოემბრის ბოლოს, Tupperware-ის ბრენდის სახელი და ინტელექტუალური საკუთრება შეიძინა კერძო ფირმამ, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის ფუნქციონირებას.

გამოგვყევით