logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისში,საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 15%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

თბილისში,საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 15%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

1735554705

2024 წლის ნოემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,560 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ზრდამ 10%-ს მიაღწია. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტრანზაქციების კუმულატიური რაოდენობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2%-ით
აღემატებოდა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

ნოემბერში გასაყიდმა ფასმა $1,247-ს მიაღწია, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა და თვიურად მცირე 0.4%-იან კლებას აფიქსირებს. ბაზრის მოცულობამ $290 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-იანი ზრდა აჩვენა.

გასაქირავებელი ფასი ნოემბერში $11.5-ს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით შემცირდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა. 2024 წლის ნოემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.7%-ს გაუტოლდა (-1.3პპ, წ/წ).

2024 წლის 11 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 1.2 მილიონ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 6%-ით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდს.

"თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ნოემბერში 846 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი, 40%-იანი, გაუმჯობესება იყო, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.

ძველი ბინების შემთხვევაში 2,714 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 3%- იან ზრდასა და თვიურად 6%-იან კლებაში აისახა. შედეგად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 24%-ს მიაღწია.

ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 9%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ფასებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური ზრდა.

2024 წლის ნოემბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებმა კვლავ ყველაზე მაღალი წილი (42%) დაიკავა ჯამურად გაყიდული ბინებიდან, თუმცა მაჩვენებელი როგორც გასულ წელთან, ისე გასულ თვესთან შედარებით შემცირდა. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეინარჩუნა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ნოემბერთან შედარებით.

ნოემბერში მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში 23% შეადგინა (+5პპ, წ/წ).

გამოგვყევით