საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის მაგისტრალის მიმართულებით, 2025 წელს დაგეგმილია დამატებით 17 კმ-იანი გზის გახსნა, დაიწყება ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი (ჩუმლაყი)-თელავის ასაქცევი და ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა.
უწყების ცნობით, კახეთის მაგისტრალის მიმართულებით უკვე გაიხსნა ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა და თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა. ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებდა.
აღნიშნულ გზაზე, საქართველოში პირველად მოეწყო, ენერგო ეფექტური მზის პანელებზე მომუშავე გარე განათების სისტემა. ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს).
შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა, ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
სამშენებლო სამუშაოები, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87.8 მილიონი შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.
მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.
თბილისი-სგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.