logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

გვაქვს მოლოდინი, რომ გაზაფხულიდან მდგომარეობა დასტაბილურდება და ტურისტული ნაკადები აღდგება - "ბორანი"

გვაქვს მოლოდინი, რომ გაზაფხულიდან მდგომარეობა დასტაბილურდება, ისევ აღდგება ტურისტული ნაკადები. შესაბამისად, გვსურს, რომ მომავალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით და პროგრამით შევხვდეთ, - ამის შესახებ ქართული სერვისისა და მომსახურების მიმწოდებელი კომპანია "ბორანის" თანადამფუძნებელმა კოტე ქიტიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბორანის სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძველი თბილისური დეტალების დამატებას. გარდა ამისა, ბორანი მომხმარებლებს თემატური საღამოების გამართვას შესთავაზებს, სადაც წარმოდგენილი იქნება თბილისური ფოლკლორი, პოეზია და ა.შ. 

"ბორანის" თანადამფუძნებელი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გავლენაზეც საუბრობს. მისი თქმით, კომპანია გარდა ვიზუალური განახლებისა მცურავი საშუალებების დამატებასაც გეგმავდა, თუმცა ამ ეტაპზე ბიზნესში რაიმე დამატებითი ინვესტირება არ შეიძლება, რადგან დიდი რისკებია. კოტე ქიტიაშვილის შეფასებით, გაურკვევლობის ხარისხი ძალიან მაღალია. 

მისივე ინფორმაციით,  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა განახევრებულია და შემცირებული ტურისტული ნაკადები შესაძლოა, კომპანიების დახურვის მიზეზიც კი გახდეს. 

"ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ჩვენს ბიზნეს საქმიანობაზე რა თქმა უნდა, პირდაპირ და უარყოფითად აისახა. ჩვენი ბიზნესი  ასეთი მოვლენების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა განახევრებულია. 

ზოგადად, 2024 წლის გაზაფხული-ზაფხული აშკარად უკეთესი სეზონი იყო, ვიდრე 2023 წლის ანალოგიური პერიოდი. საგრძნობლად იყო მომატებული ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად, შემოსავლებიც. ჩვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე ვიკვეთებით ტურიზმის სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვქონდა და ასეც მიდიოდა საქმე, მაგრამ ნოემბრის ბოლოს ქვეყანაში დაწყებულმა პროცესებმა მკვეთრად გააუარესა მდგომარეობა. სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდით პანდემიამდელ მაჩვენებლებს. 

წინასწარი მონაცემებით, დეკემბერი ტურისტული ობიექტებისთვის ზარალიანი იქნება. ზოგიერთი ობიექტი იმდენად დაზარალდა, რომ შესაძლებელია იანვრიდან დაიხუროს. ასეთი ტურისტული ნაკადების პირობებში ბევრი ობიექტი ფიზიკურად ვერ გადარჩება, ან სერიოზული ზარალით უნდა იმუშაოს", - აცხადებს კოტე ქიტიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 2 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.

გამოგვყევით