საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე ტურიზმის სექტორში დამდგარ შედეგებს აქვეყნებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტურიზმის სექტორმა ჯამში 5 281 604 ლარამდე იზარალა.
"ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ინტენსიურად ახორციელებს წევრი ასოციაციებისა და ორგანიზაციების გამოკითხვას მიმდინარე კრიზისის ეფექტის შესასწავლად ტურიზმის სფეროში.
დეკემბრის თვის 2 კვირის ჭრილში ( 1-14 დეკემბერი, 2024 წელი) გამოიკითხა 221 ორგანიზაცია, 31 განთავსების ობიექტი, 81 გიდი, 20 კვების ობიექტი, 7 საკონფერენციო სივრცე, 7 ტურისტული ტრანსპორტი, 46 ტურისტული კომპანია, 18 ტუროპერატორი და საერთო ზარალმა ლარში 5 281 604 შეადგინა.
ჯავშნების გაუქმების კოეფიციენტი:
- გამოკითხულთა 34% აფიქსირებს 50% დან 80% მდე გაუქმებას
- მიმდინარე გაყიდვების შემცირება: გამოკითხულთა 43 % აფიქსირებს მიმდინარე გაყიდვების შემცირებას 50% დან 80% მდე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ,რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს რამდენიმე კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.