ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე აცხადებს, რომ ბიზნესგარემოც პოლიტიზირდა, თუმცა აქვე დასძენს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესი, უმცირესობაშია.
“ასეთი სურათია - ბიზნესის ნაწილი არის იმ აზრზე, რომ ევროპას დავცილდით და ვცდილდებით, ზოგი კი, იმ აზრზეა რასაც მე ვამბობ - 12 წლის განმავლობაში თუ ჩვენ ევროპისკენ მივდიოდით, ეს გზა გავიარეთ, დღევანდელ დღემდე მოვედით, ევროპის მხრიდან ბევრი წარმატება მივიღეთ, ეკონომიკური ზრდაც გვაქვს, კარგი მაჩვენებლები გვაქვს, კითხვა მაქვს იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კურსი შევიცვალეთ და სადღაც შევდივართ, მათ აღქმებზე უნდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებული? ასე არ გამოვა.
არჩევნები ჩატარდა და უმრავლესობამ, მათ შორის ბევრმა ბიზნესმენმა, “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა. დანარჩენმა - ოპოზიციურ ძალებს.
იმ ოპოზიციური ძალების ბიზნესმენები არიან იმ ადგილას, სადაც ამბობენ რომ კურსიდან გადავუხვიეთ. ისინი ვერ ხედავენ, რომ ჩვენ ქვეყანას ვემსახურებით, ჩვენი მთავრობა ქვეყნის საკეთილდღეო ნაბიჯებს დგამს, გავიგე, რომ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო ვითარება, მდგომარეობა, ძლიერი ქვეყნები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ქვეყანაზე, ეს მესმის, მაგრამ პირველ რიგში, ხომ ჩვენს ქვეყანას უნდა ემსახურო?
ქართველი თუ ხარ და შენი ქვეყანა გიყვარს, პატრიოტი თუ ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესმენი ხარ თუ, რიგითი ადამიანი, შენ კარგად უნდა შეაფასო დღევანდელი მდგომარეობა, სწორ ადგილას უნდა დადგე. ამ გამოწვევას შეხვდე შემართებით, ვაჟკაცურად და შენი ქართული, ტრადიციული ინტერესებით. სამწუხაროდ, გარკვეულმა ძალებმა მოახდინეს სიტუაციის რადიკალიზაცია და ყველაფერი სცადეს, რომ სიტუაცია აქამდე მისულიყო. ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ და ამბობენ, რომ რუსეთისკენ მივდივართ, ამავდროულად რუსეთში შეაქვთ საქონელი”, - აცხადებს ნოშრევან ნამორაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისი განცხადებით, ბიზნესი, რომელიც ოპოზიციურად არ არის განწყობილი, ბულინგის მსხვერპლი ხდება.
“გვაბულინგებენ ყველას. ეს ცალმხრივი ბულინგია. თუ რაღაც პოზიციაზე ვდგავარ და ჩემი ჯანსაღი აზრი მაქვს, ბულინგის მსხვერპლი ვარ. ბიზნესი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლები არიან, მათ შორის მათი ოჯახის წევრები. ეს არის ვანდალური ბრძოლა. როგორც მთავრობაში იბრძოდნენ - იჭერდნენ ხალხს, აწამებდნენ, ოპოზიციაში გადასულები იგივე მეთოდებით ებრძვიან ახლა პატიოსან, ნორმალურ, მშრომელ ადამიანებს. მიზანმიმართული პროპაგანდა მიდის. ეს ბიზნესმენები პრეტენზიას გამოთქვამენ და იძახიან, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო. ე.ი არჩევნები უნდა ჩატარდეს, სანამ ისინი არ მოიგებენ? ეს არის სამართლიანობა და სწორი მიდგომა? “, - აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.