logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში პროცესები დასტაბილურდება და ბიზნესები განვითარებას განვაგრძობთ" - ქართული ბრენდი Nickola's-ი

ქართული ბრენდი Nickola's-ის დამფუძნებელმა ნიკოლას ქანთარიამ "ბიზნესპარტნიორთან" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ბიზნესზე გავლენა შეაფასა და აღნიშნა, რომ დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თვეა ყველა კომპანიისთვის და შესაბამისად, განვითარებული მოვლენები, ბიზნესების წინსვლას აფერხებს.

მისი განცხადებით, ბრენდი Nickola's არ გაჩერებულა და განვითარებულ მოვლენებამდე აღებულ ვალდებულებებზე მუშაობს, თუმცა ახალი შეკვეთები აღარ აუღია. ნიკოლას ქანთარიას თქმით, ამ ყველაფრის ფონზე მუშაობა ემოციურად შეუძლებელია.

"ძალიან ცუდი სიტუაციაა. ჩემი ბრენდი ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს მომხმარებლებს პროდუქციას, თუმცა ახლა ამ სიტუაციაში აღარ აქვს მნიშვნელობა ბრენდი ხელმისაწვდომია თუ არა. აქ საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საზოგადოების ემოციებზე და ა.შ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ისახება ყველა ბიზნესზე და  მათ შორის, ჩემს კომპანიაზეც. ვერ გეტყვით, რომ გავჩერდით. ჩემი მომხმარებლების უმრავლესობა არის უცხოელი, ან სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი, რომლებმაც შეკვეთები ამ პროცესების დაწყებამდე გააკეთეს. შესაბამისად, მე მათ ჯავშნებზე მუშაობა არ შემიწყვეტია. სანამ ეს პროცესები განვითარდებოდა სპეციალურად ემიგრანტებისთვის ძალიან დიდი ფასდაკლების შეთავაზება მქონდა და შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ამ პერიოდში გაფორმებული შეკვეთები ყველა მომხმარებელს ახალ წლამდე ჩაბარდეს. ჩემს ლოიალურ მომხმარებლებს აქვთ ნდობა ბრენდის მიმართ და არ მაქვს უფლება მათ შეკვეთებზე უარი ვთქვა.

წლიურ ჭრილში 2023 წელთან შედარებით, 2024 წელი ცუდი არ იყო. თუ ახალ პროდუქტს შეთავაზებ მომხმარებლებს ყოველთვის გაიზრდება შენი წლიური ბრუნვა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს სფეროში დეკემბრის თვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საახალწლო პერიოდში ყველა საჩუქარს ეძებს და როდესაც ეს თვე გივარდება, ნიშნავს, რომ მთელი წელი ჩავარდნილი გაქვს", - აცხადებს ნიკოლას ქანთარია.

მისივე შეფასებით, გაუგებარია იმ ბიზნესების პოზიცია, რომლებიც ერთის მხრივ ამბობენ, რომ გაიფიცნენ და მეორეს მხრივ, საზოგადოებას მათივე პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებენ.

"როცა დრო მაქვს ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც გარეთ დგანან. ჩემი ბრენდის გარდა მე ერთ-ერთი დიდი ბარის მენეჯერი ვარ და შესაბამისად, იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც გარეთ დგანან, პირადად მე რა დანაზოგიც მაქვს და რითაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. არ მესმის იმ ბიზნესების, რომლებიც  ამ პროცესებს სათავისოდ იყენებენ და ერთის მხრივ ამბობენ, რომ გაიფიცნენ და მეორეს მხრივ, საზოგადოებას მისივე პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებენ. არ მომწონს მსგავსი განცხადებები, რადგან ვთვლი, რომ თუ სოლიდარობას უცხადებ მიმდინარე მოვლენებს, მაშინ, იმისთვის, რომ ბიზნესი არ ჩაგეძიროს საზოგადოებას შენი პროდუქციის შეძენისკენ არ უნდა მოუწოდებდე", - აღნიშნა მან.

ნიკოლას ქანთარია აცხადებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, თუ მისი ბიზნესი გაჩერდა, ის მაინც საქართველოს ბაზარზე დარჩება და არსად წასვლას არ აპირებს.

"ჩემი მხარე დაფიქსირებული მაქვს და მსურს, რომ ევროპაში ვიცხოვროთ და განვვითარდეთ. არ ვაპირებ, რომ ჩემი ქვეყანა დავტოვო. "ნიკოლასი" არ არის ფულის საკეთებელი დაზგა, ეს არის ურთიერთობა, მეგობრობა და ა.შ., თორემ ბრენდის 13 წლიანი არსებობის მანძილზე სხვანაირად წავიყვანდი ჩემს ბიზნესს. Nickola's-ს ძალიან ბევრ ქვეყანაში ჰყავს ლოიალური მომხმარებლები, რომლებიც მხარს მიჭერენ. აქამდეც მქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოთავაზებები, თუმცა მსურს, რომ ჩემი საქმე საქართველოში ვაკეთო. გვაქვს იმედი, რომ ქვეყანაში პროცესები დასტაბილურდება და ბიზნესები განვითარებას განვაგრძობთ", - აცხადებს ნიკოლას ქანთარია. 

ცნობისთვის, ბრენდი Nickola's უკვე 13 წელია რაც ბაზარზეა. ბრენდი ამ ეტაპზე სამოსს, პარფიუმს და აქსესუარებს აწარმოებს.  Nickola's-ის ე.წ. შოურუმი და ატელიე თბილისში, პანკისის 3ა-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებლებს ბრენდის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს დიზაინერის დახმარებით შეუძლიათ საკუთარი შტრიხები შეიტანონ სამოსში, ან თავისივე დიზაინით შექმნან სამოსი.

გამოგვყევით