ლუდის სექტორი 2024 წელს აჯამებს. როგორც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბაზრის ზრდის დინამიკა პოზიტიურია.
"მიმდინარე წელს, წინა წელთან შედარებით, ჩვენი შეფასებით, ბაზარი დაახლოებით 2%-ით არის გაზრდილი, რაც აბსოლუტურ ციფრებში ნიშნავს დაახლოებით 136 მილიონ ლიტრს. 2021 წელს ბაზარი იყო 119 მილიონი ლიტრი, ხოლო 2024 წლის ბოლოს მისი მოცულობა მოიმატებს 136 მილიონ ლიტრამდე, რაც დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს,"-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ასევე, რეკორდული ზრდა დაფიქსირდა 2022 წელს, როდესაც 11%-იანი ზრდა მოხდა და ბაზარი 131 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა.
"ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი 2025 წლის მოლოდინებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ბაზარი 140 მილიონ ლიტრამდე გაიზრდება.
"ლუდის ინდუსტრიაში დაახლოებით 60-მდე კომპანია ოპერირებს, თუმცა მათგან 4 კომპანია ქმნის ბაზრის მოცულობის 85%-ზე მეტს. იმპორტირებული ლუდის წილი ქართულ ბაზარზე 10%-ზე ნაკლებია, რაც მიუთითებს საქართველოს ლუდსახარშების მაღალ სტანდარტებზე და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, მათ შორის ლიცენზირებული ბრენდების, როგორებიცაა Lowenbrau, Staropramen-ი და სხვა, მაღალი ხარისხზე,"-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 16.07 მლნ დოლარის ღირებულების 14.4 მლნ ლიტრი ლუდის იმპორტი განხორციელდა.
2024 წლის 11 თვეში,ინდუსტრიის მიერ, ლუდის ექსპორტი ჯამში დაახლოებით 32 ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის, აზერბაიჯანში, ირანში, აშშ-ში, იაპონიაში, პოლონეთში და ა.შ.
რაც შეეხება კომპანიას „ეფეს საქართველო“, ის ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანიაა. „ეფეს საქართველო“ მსოფლიოში ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის Efes Breweries International (EBI)-ის წარმომადგენელია საქართველოში და ასევე, არის გლობალურ ბაზარზე ლუდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Anheuser-Busch InBev-ის სტრატეგიული პარტნიორი.