ენერგოუსაფრთხოება ქვეყნისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჟანგბადი ჩვენი ორგანიზმისთვის. ენერგია ეკონომიკის ძრავაა: წარმოება, ტრანსპორტი, განათლება თუ ჯანდაცვა მის გარეშე უბრალოდ ვერ ფუნქციონირებს. თუ ქვეყანა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი არ არის, მისი პოლიტიკა და ეკონომიკა შეიძლება სხვა ქვეყნების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ენერგოუსაფრთხოების მისაღწევად სამი მნიშვნელოვანი კომპონენტის შესრულებაა საჭირო. პირველი კომპონენტი კი მეტი გენერაციის წყაროს შექმნაა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჰესების აქტიური მშენებლობა.
„პირველი კომპონენტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის მეტი ადგილობრივი გენერაციის წყაროს შექმნა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ჰესების მშენებლობას. არსებული გარემოება გვიჩვენებს, რომ ჩვენს რეგიონში ყველა აშენებს გენერაციის ობიექტებს და თუ ასე გაგრძელდა მათზე ენერგეტიკულად დამოკიდებულები კიდევ უფრო მეტად გავხდებით, რაც ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ცუდია, რადგან ეს მუდმივად გამოიწვევს ჩვენგან ვალუტის გადინებას ენერგიის შესაძენად“. - აცხადებს დავით ნარმანია.
ენერგოუსაფრთხოების კიდევ ერთ კომპონენტს ენერგიის საბოლოო მომხმარებლამდე გამართულად და ხარისხიანად მიწოდება წარმოადგენს. დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ ამ კუთხით უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კერძოდ ენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა წლიური საინვესტიციო გეგმა გააორმაგეს.
„მეორე კომპონენტი ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილში არის მისი ტექნიკური უზრუნველყოფა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ხარისხიანად და უსაფრთხოდ მიწოდება. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას გავუზარდეთ საინვესტიციო პაკეტი. გარდა ამისა, ენერგიის გამანაწილებელ ქსელებში გავაორმაგეთ ინვესტიციები, რომელიც დავუმტკიცეთ თელასს და ენერგო პროს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი გადამცემი ხაზი მოწესრიგდება, ასევე მოწესრიგდება ტრანსფორმერები და ქვესადგურები“.- აღნიშნავს დავით ნარმანია.
კიდევ ერთი კომპონენტი, რაზედაც სემეკის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს, ენერგიაზე ხელმისაწვდომობაა. დავით ნარმანიას თქმით, საქართველოში კომუნალურ სერვისებზე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ტარიფებია, რაც ხელმისაწვდომობის კომპონენტს კიდევ უფრო მეტად ზრდის.
„მესამე კომპონენტი არის უშუალოდ მომხმარებლის ხელმისაწვდომობა ელექტროენერგიაზე. იგულისხმება თუ საშუალოდ ერთი ოჯახის შემოსავლის რა ნაწილი იხარჯება კომუნალურ სერვისებში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთა რეგიონსა და ევროპასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სამომხმარებლო ტარიფები გვაქვს, ხელმისაწვდომობის კომპონენტი საკმაოდ კარგ ნიშნულზეა. თუმცა როგორც ბევრ ქვეყანაში, ისე ჩვენთანაც გვყავს მოწყვლადი მომხმარებლები, რომლებსაც დაბალი შემოსავლები აქვთ. სწორედ ასეთი კატეგორიის მომხმარებლებისთვის სახელმწიფოს გააჩნია მოწყვლადი მომხმარებლების ხელშეწყობის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც როგორც ბიუჯეტიდან, ისე რეგიონებში მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ხდება სხვადასხვა კომუნალური ხარჯის თანაგადახდა“. - აცხადებს დავით ნარმანია.
energynews.ge