logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი ნოემბრის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს

სებ-ი ნოემბრის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს

1762354663

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი.

აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის გამჭვირვალობასა და აღქმადობას, რაც პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას აძლიერებს.

"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.

ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება

  • საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0%-ზე ინარჩუნებს.

მაკროეკონომიკური პროგნოზი
ცენტრალური სცენარი

  • 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება
  • ეკონომიკური ზრდა 2025 და 2026 წლებში შესაბამისად 7.4%-სა და 5%-ს შეადგენს

გლობალურად მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.

ერთი მხრივ, სებ-ი განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც ეფუძნება გლობალური და ადგილობრივი ინფლაციური რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მწვავე რეალიზებას. აღნიშნული სცენარი, ასევე ითვალისწინებს სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე დამატებით ინფლაციურ წნეხს.

მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარი მოიაზრებს რელევანტური რისკების იმგვარ რეალიზებას, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად ინფლაციურია. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების ფონზე, პროდუქტიულობა მაღალია. შესაძლებელია ეს ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდეს, რასაც დისინფლაციური ეფექტი ექნება. ამასთან, გლობალური ტენდენციებიც, როგორიცაა ნავთობის კლებადი ფასები და გლობალურად დოლარის შედარებით სუსტი პოზიცია, შესაძლებელია ცენტრალურ სცენართან შედარებით კიდევ უფრო დისინფლაციური იყოს.

არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, რისკების მინიმიზაციის მიდგომიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.

გამოგვყევით