Old Supra მომდევნო წელს, ფილიალების კუთხით გაფართოებას გეგმავს. როგორც ქართული კულტურით შთაგონებული სახლის დეკორისა და პირადი აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელმა თეკლა ერქვანიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ახალი ფილიალი, რეგიონების მიმართულებით პირველ რიგში, ქუთაისში გაიხსნება.
მისივე ცნობით, კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება და Old Supra-ც წლევანდელ წელს იმავე ტემპით ზრდას პროგნოზირებს.
"ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი სუფრაა, მათ შორის, განსაკუთრებულ პოპულარობას ინარჩუნებს "ბროწეულები", "ალილო", "ძველი თბილისი" და სხვა. ზოგადად საახალწლო პერიოდი კორპორატიული კუთხით საკმაოდ აქტიურია და წელსაც გაუმჯობესებულ ციფრებს ველოდებით. ჩვენს პროდუქციას ძირითადად, სასაჩუქრედ ყიდულობენ.
ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ განვითარებასა და გაფართოებაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს გეგმები, რომ ფილიალების დამატების კუთხით აქტიურად ვიმუშაოთ. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ასორტიმენტის კუთხითაც გვექნება სიახლეები - ვაფართოებთ როგორც მინის კოლექციას, ისე ფაიფურის კოლექცია და პირადი აქსესუარების კოლექცია. სუფრების მიმართულებითაც გარკვეული სიახლეები მზად არის და მალე ბაზარზეც ჩაეშვება", - აცხადებს თეკლა ერქვანიძე.
მანვე აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნედლეულისა და სხვადასხვა ხარჯის ღირებულება 12%-მდე გაიზარდა.
"ჩვენი დიზაინით ნედლეული საზღვარგარეთ იწარმოება და უშუალოდ დამუშავება და კერვა თბილისში არსებულ ჩვენს საწარმოში ხდება. სხვადასხვა მომწოდებელი გვყავს როგორც ფაიფურის, ისე ქსოვილის.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნედლეულისა და სხვადასხვა ხარჯის ღირებულება გაიზარდა, რაც თვითღირებულებაზე აისახება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული ზრდა დაახლოებით 12%-ია", - აცხადებს თეკლა ერქვანიძე.
გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელმა უცხოურ ბაზრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ Old Supra ექსპორტის მიმართულების აქტიურად დაწყებას ფიქრობს.
"უცხოეთში უკვე გვყავს პარტნიორები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში - რესტორნები, რომელიც ჩვენი პროდუქციით არის გაწყობილი. კორპორატიული გუნდი გვყავს, რომელიც ამ მიმართულებით, ახალი წლიდან, აქტიურად დაიწყებს მუშაობას. ევროპის ბაზარი უფრო საინტერესოა ჩვენთვის, თუმცა ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით საინტერესოა ასევე, იაპონიისა და ჩინეთის ბაზარიც", - აღნიშნა თეკლა ერქვანიძემ.
ცნობისთვის, კომპანიის ისტორია 1998 წლიდან იწყება - იმ პერიოდში ეს მცირე საოჯახო ბიზნესი იყო, რომელიც მხოლოდ ლურჯი სუფრის დიზაინების შექმნით იყო დაკავებული. წლების განმავლობაში საქმიანობა ამავე მიმართულებით გრძელდებოდა, თუმცა 2020 წლიდან კომპანიამ ციფრული ბეჭდვა დანერგა, რაც გარდამტეხი ეტაპი გახდა მათ განვითარების პროცესში. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს შესაძლებლობა მისცა, გაეზარდა ასორტიმენტი და გაეუმჯობესებინა ბეჭდვის ხარისხი. კომპანიამ ეტაპობრივად დაამატა სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის, ფერადი სუფრები, კედლის დეკორები, მუთაქები, პლედები და პირადი აქსესუარებიც. გასულ წელს კი მათ კოლექციას პრემიუმ ხარისხის ფაიფურისა და მინის ჭურჭელი დაემატა, რომელიც კომპანიის უნიკალური დიზაინით არის შექმნილი.
დღესდღეობით Old Supra-ს 5 სტენდი აქვს - 4 თბილისში და 1 ბათუმში.