logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქსელურ მარკეტებში პროდუქციის განთავსება კატასტროფულად ძვირი ღირს" - "ენამზე"

ადგილობრივი ბიზნესისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კომპანია "ენამზის" დამფუძნებლის, დირექტორის ლაშა ჯანელიძის ინფორმაციით, სუპერმარკეტებში პროდუქციის განთავსებისას მოქმედი პირობები კატასტროფულია, რის გამოც "ენამზის" მსგავს კომპანიებს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ქსელებში პროდუქციის განთავსება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

"ქსელურ მარკეტებში შესვლას არ ვაპირებთ, რადგან ობიექტებს ისეთი პირობები აქვთ, ამ ეტაპზე, ჩვენი გაქანებით ვერ შევძლებთ. ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება და ფაქტობრივად, აზრი არ აქვს. პროდუქციას რომელ დახლზე დაალაგებ, წინა პლანზე გამოჩნდები, თუ უკანა ფონზე ყველაფერში გარკვეული თანხაა გადასახადი. ოპტიმალური გამოსავალი უნდა ვიპოვოთ - გადასახადი ნაკლები უნდა იყოს, რომ სუპერმარკეტების ქსელში შესვლა ღირდეს. ადგილობრივი პროდუქტი და იმპორტირებული წარმოება ერთი და იმავე ფასად არ უნდა იყოს წარმოდგენილი. ქართული წარმოების პროდუქტი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

ამავდროულად ერთ-ერთი გამოწვევა საზღვარგარეთიდან მასალის ჩამოტანა გახლავთ, საბაჟო გადასახადი საკმაოდ დიდია. მაგალითად, შეიძლება პროდუქციის მასალა საქართველოშიც იყიდო, ვგულისხმობ ბოთლს, საცობს, მაგრამ საკმაოდ უხარისხოა", - აცხადებს ლაშა ჯანელიძე.

ლაშა ჯანელიძე პროდუქციის რეალიზაციაზე დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ხილის ბრენდის ალკოჰოლური სასმელები რამდენიმე კვების ობიექტზე უკვე წარმოდგენილია.

"კვების  რამდენიმე  ობიექტზე (კაფეში, რესტორანში) თბილისში უკვე შევედით. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ - სეზონზე გუდაური და ბაკურიანი გვინდა მოვიცვათ. პროდუქცია ძირითადად კვებით ობიექტებში იყიდება, თუმცა რამდენიმე ქართულ ალკოჰოლურ ონლაინ პლატფორმაზეც ვართ წარმოდგენილი. ყოველ თვეში "ენამზეს" გაყიდვების რაოდენობა მზარდია, ხოლო საინვესტიციო ღირებულებაზე საუბარზე თავს შევიკავებ", - აცხადებს "ენამზეს" დამფუძნებელი.

კომპანიის წარმომადგენელი კონკურენციის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი ხაზის მიმართულებით კონკურენცია დიდია, თუმცა "ენამზე" საკუთარ ნიშას აბსოლუტურად ნატურალური სასმლით იკავებს.

ცნობისთვის, ქართული ნატურალური ენდემური ჯიშებისგან დამზადებული ხილის მაღალალკოჰოლური სასმელი "ენამზე" ადგილობრივ ბაზარზე მაისიდან ოპერირებს. კომპანიას ალკოჰოლური სასმელი, სხვადასხვა, ხილის მიმართულებით აქვს. ამ ეტაპზე, მომხმარებლებს ციტრუსისა და კომშის ნაზავს სთავაზობს. 

აღსანიშნავია, რომ ქსელურ მარკეტებთან მიმართებით მსგავსი პოზიცია, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებსაც აქვთ. მათ შორისაა "ჩირჩხელას" აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე. მეწარმის განცხადებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სურს, თუმცა სუპერმარკეტებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანაზე - კერძოდ, თითოეული სახეობის მარკეტის თაროზე განთავსებისთვის 1500 ლარია გადასახადი, რაც საკმაოდ ძვირია.

გარდა ამისა, ქსელური მარკეტების მაღალ გადასახადებზე "ბიზნესპარტნიორთანსათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "ქართული თემის დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფომ კანონი უნდა მიიღოს, რომ ქსელურ მარკეტებს 5%-ზე მაღალი "ქეშბექის" მოთხოვნის საშუალება არ ჰქონდეთ.

გამოგვყევით