ჩინეთი ჩვენთვის საინტერესო ბაზარია და მოთხოვნის შესაბამისად, მზად ვართ წარმადობა გავზარდოთ, - ამის შესახებ კასპის საკონსერვო ქარხნის (შპს TMT-მა) დირექტორმა, ოთარ მერებაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც საქართველოსა და ჩინეთის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტორებს შორის გაფორმებულ მემორანდუმებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული მიმართულების განვითარების შემთხვევაში, კასპის საკონსერვო ქარხანა არა მხოლოდ წარმადობას, არამედ ასორტიმენტსაც გაზრდის.
"ჩვენთვის ჩინეთი ძალიან საინტერესო ბაზარია. აქამდეც გვქონდა მცდელობა ჩინურ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით. ნიმუშები წაიღეს რამდენჯერმე, თუმცა არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. თუ აღნიშნული ბაზარი ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რა თქმა უნდა, აქტიურად დავიწყებთ ამ მიმართულების განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ძალიან დიდი ბაზარია ვფიქრობ, მოთხოვნის დაკმაყოფილებას შევძლებთ და მთავარია პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ", - აცხადებს ოთარ მერებაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კასპის საკონსერვო ქარხნის პროდუქცია ექსპორტზე აქტიურად გადის ისეთ ქვეყნებში როგორიც არის გერმანია, აშშ, ავსტრია, პოლონეთი და სხვა.
შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობებს, ჯამში 40 სახეობამდე. მათ შორის, ბოსტნეულის კონსერვებს, საწებელებს, მურაბებს, ჯემებს და ა.შ.