logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

მოლდოვამ შესაძლებლობა მიიღო, უკრაინის კვოტის ფარგლებში, ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს

მოლდოვამ შესაძლებლობა მიიღო, უკრაინის კვოტის ფარგლებში, ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს

1735034494

მოლდოვამ მიიღო შესაძლებლობა, გაზარდოს ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტის კვოტა, შესაძლო დეფიციტის ფონზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას დნესტრისპირეთში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში. ამის შესახებ მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, კონსტანტინ ბოროსანმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში რუსული გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში 2025 წლის 1 იანვრიდან მოლდოვას შესაძლოა, ელექტროენერგიის დეფიციტი შეექმნას.

ბოროსანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის, ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის, რუმინეთის, უკრაინის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ოპერატორების მხარდაჭერით მოხერხდა ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობის ზრდის მექანიზმის პოვნა.

გადაწყვეტილების თანახმად, გამოყენებული იქნება მოლდოვისა და უკრაინის ერთობლივი კვოტის გამოუყენებელი სიმძლავრეები ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტზე, ასევე მოლდოვასა და რუმინეთს შორის 110 კვტ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. ბოროსანის თქმით, მათი მეშვეობით, მოლდოვას შეუძლია, 100 მგვტ-ზე მეტი ელექტროენერგიის ტრანსპორტირება.

მოლდოვას და უკრაინას აქვთ ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტის საერთო კვოტა – 2100 მგვტ, საიდანაც 315 მგვტ მოდის მოლდოვაზე დანარჩენი კი უკრაინაზე.

ბოროსანის მიერ წარმოდგენილ განახლებულ გეგმაში ევროკავშირიდან ელექტროენერგიის წილი უკვე მითითებულია 400 მგვტ-ის ოდენობით, საიდანაც 200 მგვტ მოდის პირდაპირ კონტრაქტებზე რუმინულ Nuclearelectrica-სთან და Petrom-თან, კიდევ 200 მგვტ კი რუმინულ ბირჟა OPCOM-ზე. ასეთი სცენარის შემთხვევაში, ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზებით, ელექტროენერგიის დეფიციტი პიკის საათებში დაახლოებით 60 მგვტ-ს შეადგენს.

ცნობისთვის, 16 დეკემბრიდან მოლდოვაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა ენერგეტიკაში, რომელიც 60 დღე გაგრძელდება. მთავრობამ გადაწყვეტილება 2025 წლის 1 იანვრიდან უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ რუსული გაზის მიწოდების საკითხზე გაურკვევლობის გამო მიიღო. ევროკავშირში ემზადებიან მოლდოვას ფინანსურად დაეხმარონ, თუ რუსეთი 2025 წლის 1 იანვრიდან გაზის მიწოდებას შეწყვეტს.

1tv.ge

გამოგვყევით