თიანეთის რაიონ დაბა სიონში არსებული კოტეჯი "მანდაური სიონი" ფართოვდება. როგორც კოტეჯის დამფუძნებელი, გიორგი გიგაური "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მიწა უკვე შეიძინა და მაქსიმუმ 2 წელიწადში ადგილზე მეორე კოტეჯის დამატებას გეგმავს.
გიორგი გიგაურის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 80%-ით გაიზარდა. ვიზიტორების ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად კი, კოტეჯის ადგილმდებარეობას განიხილავს.
"კოტეჯში ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული. გაფართოებას სამომავლოდ ვგეგმავ, რადგან მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა ძალიან დიდია. ახალი მიწა მაქვს, გარკვეული სახის პროცესების დასრულებას ველოდები და შემდეგ უკვე აქტიურ მუშაობას დავიწყებ. 1 კოტეჯი მინდა დავამატო, რადგან ეზოს ძალიან გადატვირთვა არ მინდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, რაც შეეხება, ჯერჯერობით, თანხას ვერ დავასახელებ. მინდა გითხრათ, რომ სიონი, როგორც თბილისთან, ასევე თელავთან ახლოსაა, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩამოსვლა კომფორტულია, ამავდროულად ძალიან ლამაზი ბუნება გვაქვს. ჯერჯერობით, ქართველი მომხმარებლები ჩამოდიან", - აღნიშნავს კოტეჯის დამფუძნებელი.
ამასთან, გიორგი გიგაური სიონში მიმდინარე ტენდენციებზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ გასული წლების განმავლობაში, ადგილობრივები დამსვენებლებს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იღებდნენ. ამჟამად კი ვითარება, რადიკალურად შეცვლილია, კერძოდ, სიონში კოტეჯები განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
"მინდა გითხრათ, რომ ადგილზე მცხოვრებლებს, ადრე სხვა სურათი გვქონდა - პოტენციური დამსვენებელი სიონში ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე ისვენებდა. მოკლედ, სეზონი ზაფხულში გვქონდა... ამჟამად, ახალი ტენდენცია წამოვიდა, კერძოდ, რაც ირგვლივ კოტეჯები აშენდა, (დაახლოებით 15 პირი ვართ, ვინც კოტეჯს ფლობს) ვიზიტორების მხრიდან სიონი წლის განმავლობაში სრულად დატვირთულია, ანუ გაცილებით უფრო მოთხოვნადი გახდა. დამსვენებლები ზამთარშიც კი მოდიან, რაც სასიხარულოა. სიონის რელიეფი და ხედები ისეთია, რომ კოტეჯები ადგილმდებარეობას ძალიან მოუხდა, ბიზნესმა გაამართლა", - აღნიშნავს გიორგი გიგაური.
ცნობისთვის, თიანეთის რაიონ დაბა სიონში არსებული კოტეჯი "მანდაური სიონი" ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს.