უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა კორპორატიული სეგმენტიდან, რომლებისთვისაც კარტინგში შეჯიბრება მთავარი გასართობი აქტივობაა, - ამის შესახებ Kass Land Diamond Resort-ის გენერალურმა მენეჯერმა სოფო ჯღარკავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ყველა ის კომპანია, რომელსაც ბოლო 3 თვეში "თიმბილდინგის" ფორმატით ვუმასპინძლეთ ქართული იყო.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მასშტაბური გასართობი სივრცე დაგვემატა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კომპლექსი უკვე ყველა ასაკისა თუ გემოვნების ადამიანისთვის მისაღები ადგილია. ჩვენს ატრაქციონების პარკში არის როგორც უფროსი ასაკის, ისე უმცროსი ასაკზე გათვლილი ატრაქციონები, მათ შორის, "კარტინგი". ბოლო 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრ კომპანიას ვუმასპინძლეთ, რომლებმაც "თიმბილდინგები" ჩაატარა. ამ სეგმენტის გააქტიურებასთან ერთად ჩვენ დავინახეთ, რომ ტურისტული ობიექტის შესაძლებლობები, ტერიტორიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, ამოუწურავი იყო.
"თიმბილდინგის" კულტურა ქართულ კომპანიებში მკვიდრდება და ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ ქართველ მომხმარებლებს ვუმასპინძლოთ. ბოლო 3 თვეში მინიმუმ 6-მა ქართულმა კომპანიამ დაჯავშნა თავისი თანამშრომლებისთვის ნომრები. კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან იყვნენ - მათ შორის, სახელმწიფო კომპანიები, მასწავლებლები და ა.შ", - აცხადებს სოფო ჯღარკავა.
ცნობისთვის, წალკის კანიონის დაცული ტერიტორია „ბრილიანტის ხიდით“, ებრაულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის KASS GROUP-ს და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა. წალკის კანიონი 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი სიახლით - ატრაქციონების უზარმაზარი პარკითა და სასტუმრო კომპლექსით შეხვდა.
ზოგადად, KASS LAND რეზორტი მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელს თანმდევი ბილიკებით, რომელსაც ულამაზეს კასკადურ ჩანჩქერებამდე ჩაჰყავხართ, უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით, „ბაიკ ზიპლაინს“ და გიგანტურ საქანელას, ღია „გარდენსსა“ და დახურულ „დაიმონდ“ რესტორანს, ახლად გახსნილ 55-ნომრიან სასტუმროს, 3 „პენტჰაუზით“ და კანიონის პანორამული ხედით, სასტუმროს ტიპის 62 „ვილა ჰაუსს“. რაც შეეხება ატრაქციონების პარკს - ეს მოიცავს 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას, გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას, თოკების ლაბირინთს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ "კარტინგს" უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.
KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია წალკის კანიონის (ყოფილი დაშბაშის კანიონი) ტურისტული განვითარება, რომელიც უნიკალური გეოლოგიური და ეკოლოგიური ზონა და დაცული ტერიტორიაა. საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელმაც რეგიონის პოპულარობა და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა. კანიონს დღემდე 250 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 20-25%-ს აღწევს. ობიექტი ყოველდღიურად დაახლოებით, 1000 ტურისტს მასპინძლობს. 2016 წლიდან დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.