ოქროზე ცენტრალური ბანკების მხრიდან კვლავ ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება, რაც ძვირფასი მეტალის ფასს ზრდის. ანალიტიკოსების შეფასებით, 2025 წელი, სავარაუდოდ, ზედიზედ მე-4 წელი იქნება, როდესაც ბანკები, ჯამურად, 1,000 ტონაზე მეტ ოქროს შეიძენენ.
ამჟამად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 3,334 დოლარს შეადგენს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სერგი ყურაშვილმა - Galt & Taggart - ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა განუცხადა, მიმდინარე წელს ოქროს ფასი უმეტესად ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
„მაგალითისთვის, 2025 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ოქროს ფასი 5.7%-ით გაიზარდა, რაც მისი როგორც უსაფრთხო აქტივის სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს. როგორც გვახსოვს, აპრილის დასაწყისში ოქრომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და დროებით, 3,500 დოლარს გადააჭარბა. ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ცენტრალური ბანკების მხრიდან ძლიერი მოთხოვნაა. ამას ხელს უწყობს დედოლარიზაციის მოთხოვნა და გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირება. ამასთან, პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადი პოლიტიკა და ფედერალურ რეზერვთან დაპირისპირება ასუსტებს დოლარის მიმართ ნდობას და უბიძგებს ცენტრალურ ბანკებს ოქროს შესყიდვისკენ. მოთხოვნა ძლიერია ინვესტორების მხრიდანაც. ახლო აღმოსავლეთში ივნისში გამწვავებულმა სამხედრო კონფლიქტმა, რისკების მიმართ მგრძნობელობა კიდევ უფრო გაზარდა. ინვესტორები კი, როგორც არა ერთხელ გვითქვამს, ოქროს მიიჩნევენ ჰეჯირების საშუალებად და ვინაიდან, მსოფლიოში კვლავ ძალიან მაღალია გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკები, ველით, რომ წლის განმავლობაში ოქროზე მოთხოვნა ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, რაც მის ფასებს ზრდისკენ უბიძგებს“, - აღნიშნა სერგი ყურაშვილმა.
ცხადია, საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ფასის ზრდას გავლენა საქართველოზეც აქვს. ოქროს ნაკეთობების მწარმოებლები ამბობენ, რომ ბოლო 1 წელში, 1 გრამი შესასყიდი ოქრო, როგორც ნედლეული, თითქმის 100 ლარით გაუძვირდათ.
„ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას თორნიკე სამხარაძემ - "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გაძვირებული ნედლეულისა, საკუთარი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე, მოახერხეს და ნაკეთობებზე მანამდე არსებული ტარიფები შეინარჩუნეს.
„იმის გამო, რომ სამკაულებზე ძველი ფასები შევინარჩუნეთ, გაყიდვების კუთხით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალი წარმატებული გვქონდა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ნაკეთობების გაყიდვები 10%-ის ფარგლებშია გაზრდილი“, - განმარტა "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ოქროს ნაკეთებობების რეალიზაციის გარდა, მზარდია ქართული ოქროს ექსპორტიც. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ ოქროს ექსპორტით 41 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. კერძოდ, გასული წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 38 მილიონ 242 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა. საექსპორტო ქვეყნების სიაში კი შვეიცარია, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან.