"საქნახშირი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა. მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაციით გათავისუფლებული 38 პირიდან 31-თან გადამზადების პროგრამის შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდება.
კომპანიის ინფორმაციით, 15 იანვარს გადამზადების პროგრამა დაიწყება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს.
"კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კომპანიამ გადამზადების პროგრამა და შესაბამისი კონტრაქტი შესთავაზა 38 ადამიანს, ვისი კადრიც რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა (ჯამში 38 დასაქმებული). მათგან შვიდმა აღნიშნულ შეთავაზებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი (მათთან 2 თვიანი კომპენსაციის გადახდის შეთანხმება შედგება). დანარჩენ 31 თანამშრომელთან შეთანხმება უკვე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ახალი შახტის მშენებლობისთვის საჭირო იქნება 180 სპეციალისტის დასაქმება.აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ტყიბულის მცხოვრებლებს და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს. კადრების გადამზადების პროგრამას საქნახშირი სრულად დააფინანსებს. გრაფიკთან და პროფესიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია 10 იანვრის შემდეგ გამოქვეყნდება. საქნახშირი მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს ერთგული სამსახურისთვის და ძალ-ღონეს არ დაიშურებს დასაქმებულების კეთილდღეობისა და პროფესიული წინსვლისთვის. ტყიბული არის და იქნება წარმატებისა და აღმშენებლობის მაგალითი,"-ნათქვამია "საქნახშირის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში „საქნახშირიდან“ 40 ადამიანი გაათავისუფლეს.