თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იანვარშიც გაგრძელდა, თანამშრომლების, დათხოვნა მომიწევს, რადგან ხელფასებს ვერ გადავუხდი, - ამის შესახებ საგურამოსთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენის" მენეჯერმა ჟანა დოგუზოვმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სასტუმროში 1 დამსვენებელიც არ არის.
"ყველაფერი გაჩერებულია, ყველა ჯავშანი გაუქმდა. დეკემბრის თვეში გარკვეული დანაზოგი გვქონდა და შევინარჩუნეთ თანამშრომლები. იანვარში რა უნდა ვქნა არ ვიცი. ჯერ არ გვაქვს ზარალი დათვლილი, თუმცა უკვე საკმაოდ დავზარალდით. ეს ისეთი სფეროა, რომ თუ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა არ არის 2 თვეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბიზნესმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. ამჟამად ვცდილობ, რომ თანამშრომლები შევინარჩუნო, რადგან ბაზარზე კადრების დეფიციტია. იმედი მაქვს, რომ იანვარში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დასტაბილურდება", - აცხადებს ჟანა
სასტუმროს მენეჯერის ცნობით, სასტუმროს გაყიდვები 2024 წელს, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა. მათი მომხმარებლები კი ძირითადად ადგილობრივები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს რამდენიმე კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.