2026 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით. შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (12.0 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (8.2 პროცენტი) ჯგუფებზე;
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.4 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.6 პროცენტით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.2 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (30.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.1 პროცენტით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (12.8 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.6 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.4 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9.4 პროცენტი);
განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (8.8 პროცენტი), საშუალო განათლება (6.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (5.5 პროცენტი)