2024 წლის ნოემბერში, თბილისში ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა დიდ დიღომში (26% მთლიან გაყიდვებში), რომელსაც მოყვებოდა საბურთალო (16% მთლიან გაყიდვებში). ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა
ჩუღურეთში, ისანში, დიდუბესა და დიდ დიღომში, სადაც როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების უდიდესი რაოდენობა
გაიყიდა.
2024 წლის ნოემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასმა მთაწმინდის რაიონში თითქმის $2,500 შეადგინა. უბნების უმეტესობაში დაფიქსირდა ახალი ბინების ფასის წლიური ზრდა.
2024 წლის ნოემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,560 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ზრდამ 10%-ს მიაღწია.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტრანზაქციების კუმულატიური რაოდენობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2%-ით
აღემატებოდა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
ნოემბერში გასაყიდმა ფასმა $1,247-ს მიაღწია, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა და თვიურად მცირე 0.4%-იან კლებას აფიქსირებს. ბაზრის მოცულობამ $290 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-იანი ზრდა აჩვენა.
"თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ნოემბერში 846 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი, 40%-იანი, გაუმჯობესება იყო, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.
ძველი ბინების შემთხვევაში 2,714 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 3%- იან ზრდასა და თვიურად 6%-იან კლებაში აისახა. შედეგად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 24%-ს მიაღწია.
ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 9%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ფასებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური ზრდა.