logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"სურამის შემოვლითი გზის გახსნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის" - პრემიერი

"სურამის შემოვლითი გზის გახსნა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის" - პრემიერი

1755278956

მინდა, მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი - სურამის შემოვლითი გზის გახსნა, რაც, ნამდვილად, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მასშტაბური საინჟინრო პროექტი - 6.4 კილომეტრი სიგრძის გზა, 11 ხიდითა და 5 გვირაბით, სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. 

“გასულ წლებში, ჩვენ გავხსენით რიკოთის ურთულესი მონაკვეთები და ბათუმის შემოვლითი გზა, დღეს კი, სურამის ამ მონაკვეთის გახსნით, თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე უკვე უწყვეტი ჩქაროსნული მაგისტრალი გვექნება. ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს, გაზრდილ უსაფრთხოებას და, რაც მთავარია, სურამისა და მიმდებარე დასახლებების განტვირთვას სატრანზიტო მოძრაობისგან. ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ინფრასტრუქტურა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად. ეს ნიშნავს შემცირებულ ლოგისტიკურ ხარჯებს, გაზრდილ ტვირთბრუნვას, ახალ სამუშაო ადგილებს და მზარდ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნისთვის. პროექტის სარგებელი პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, რეგიონულ და გეოპოლიტიკურ პოზიციებს.ეს პერსპექტივა ყველაზე უკეთ ჩანს ციფრებში, რომელიც უკვე მიღწეულ შედეგებს და მათ მასშტაბებს ასახავს: ჩვენი ხელისუფლების პირობებში აშენდა 298 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, ”- განაცხადა პრემიერმა. 
ირაკლი კობახიძის თქმით, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე პროექტი და დაიწყება ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით - ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე პროექტს და დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას; ამით ჩვენს მეზობლებთან ჩქაროსნული მაგისტრალებით კავშირი სრულად იქნება უზრუნველყოფილი,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 
ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მრავალწლიან პარტნიორს - მსოფლიო ბანკს და ყველას, ვინც ჩართული იყო მასშტაბური პროექტის განხორციელებაში. 
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოგვყევით