კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელის, პაატა ტრაპაიძის განმარტებით, "თეთრი სიის" გაუქმება კონკურენციას კი არ წაახალისებს, არამედ მონოპოლიის შექმნას და კომპანიების ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს.
ბიზნესმენის თქმით, ეკონომიკას წახალისება სჭირდება და არა გარკვეული სახის "დასჯა". როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რამდენიმე პირის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, ყველა არ უნდა დაისაჯოს.
"თეთრი სია" გარკვეული სახის შეღავათებია წესიერი შრომისთვის, თუ ჩვენ კომპანიებს გარკვეული სახის სტიმული არ მივეცით, მაშინ ისევ "საბჭოთა კავშირში" დავბრუნდეთ. ეკონომიკას სიმკაცრე კი არ უყვარს, სწორი მიდგომა სჭირდება. ქცევითი ეკონომიკის პრინციპია: უნდა შემიწყოთ ხელი, რომ რაც შეიძლება კარგად გავაკეთო ჩემი საქმე. ეს ყველაფერი თუ არ იქნება, მაშინ სტალინის ეპოქას დავუბრუნდეთ! პირობითად, 10 ადამიანი სარგებლობდა ე.წ. თეთრი სიით, მაგალითად, 3 პირი უსინდისოდ მოიქცა, ამის გამო დარჩენილი 7 კომპანია უნდა დაისაჯოს?! ან პირიქით სიტუაცია, რომ იყოს მნიშვნელობა არ აქვს... ეკონომიკას წახალისება უყვარს", - აღნიშნავს ბიზნესმენი.
პაატა ტრაპაიძე უშუალოდ გამოსავლის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ სფეროში "დაუსჯელობის სინდრომი", რომ არ დამკვიდრდეს, სახელმწიფომ კონკრეტული კომპანიებს პასუხი უნდა მოსთხოვოს.
"გამოსავალს, რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენი და ექსპერტების ჩართულობით გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. კარგად ვიცით, რომ სადაც კეთილსინდისიერებაა, იქ უსინდისობაც გამოერევა. მსგავსი შემთხვევები, რომ მოხდებოდა მოსალოდნელი იყო, ამიტომ უნდა დაისაჯონ კონკრეტული კომპანიები, ვინც არასწორად მოიქცა. სურათს მთლიანად უნდა შევხედოთ, ჩვენთან ხშირად "დაუსჯელობის სინდრომია", ერთი კითხვა მაქვს: ის კომპანიები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ, ვის იმედად იყვნენ?! გამჭვირვალობა იხშობა... ლოგიკას ვერ ვხედავ, თუ სტალინი გვინდა, მაშინ საბაზრო ეკონომიკა საერთოდ მოვხსნათ", - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
პაატა ტრაპაიძის ინფორმაციით, "თეთრი სიის" არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაზარზე გარკვეული სახის შეღავათები სასიცოცხლოდ აუცილებელია.
"ჩვენ ძირითადად ბანკებისთვის ვმუშაობთ, კონკურენცია ძალიან მაღალია, ამიტომ გარკვეული სახის შეღავათი უნდა გვქონდეს. შეღავათი იმისთვის გვჭირდება, რომ სტიმული გვქონდეს, რომ ვიმუშაოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმაოდ ბევრი კომპანია ბაზრიდან გაქრება. ე.წ. თეთრი სიის გაუქმება კონკურენციას ხელს კი არ შეუწყობს, არამედ დაღუპავს. შესაძლოა, გარკვეული სახის მონოპოლია შეიქმნას", - აღნიშნავს ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი თემა "თეთრი სიის" საკითხი იყო, სადაც მისი გაუქმება, თუ დახვეწის შესაძლებლობები განიხილეს.
ცნობისთვის, ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.