logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2025 წელს ევროპაში "ზარაფხანას"  ბრენდული მაღაზია გაიხსნება

2025 წელს ევროპაში "ზარაფხანას"  ბრენდული მაღაზია გაიხსნება

1715778000

საიუველირო სახლ "ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ქვეყნის გარეთ ‘’ზარაფხანას“ პირველი ბრენდული მაღაზია 2025 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება. კონკრეტულ ლოკაციას სამხარაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, ვინაიდან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბაზრების კვლევა.

მისი ინფორმაციით, შერჩეულია სამი სავარაუდო ქვეყანა, სადაც ქართული ბრენდი შევა. ესენია: დიდი ბრიტანეთი (ლონდონი), საფრანგეთი  და იტალია. ამ სამეულიდან ‘’ზარაფხანას“  პრიორიტეტი იტალიაა.

როგორც თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესი დაწყებულია.  კომპანიას უკვე დათვლილი აქვს შესაძლო ინვესტიციის ღირებულება და დაახლოებით €3 მლნ-ს შეადგენს.

მართალია, ‘’ზარაფხანა“ ქვეყნის გარეთ მაღაზიას აქამდე არ ფლობს, თუმცა ქართული ბრენდი ექსპორტზე მცირე მოცულობით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადის. მათ შორის, აშშ-ში, ლონდონში, დანიაში, ბელგიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

2023 წლის მდგომარეობით,  გაყიდვებში ექსპორტის წილი 5%-მდეა.

‘’მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, საფუძვლიანად ვსწავლობთ ევროპის ბაზრებს და დაახლოებით 1 წლის ვადაში შევძლებთ, რომ ბრენდული მაღაზია გავხსნათ. დაახლოებით 2025 წლის მარტამდე პროექტს განვახორციელებთ. საბოლოო გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული,  მთავარია, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, როგორც ხარისხით ასევე ფასის მიხედვით, სამივე საორიენტაციო ქვეყანა ჩვენთვის ხელსაყრელია, თუმცა პრიორიტეტი მაინც იტალია იქნება, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, მნიშვნელოვანია, რომ გლობალური პოლიტიკური პროცესების გამო არ შეგვეშალოს ხელი, რასაც დიდი ალბათობით, გამოვრიცხავთ“, - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.

შეგახსენებთ, „ზარაფხანა“ საქართველოში სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.

დღეისათვის, კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაკეთობის 5 მაღაზიას მართავს. აქედან 1 ონლაინ მაღაზიაა.

მარი ჩიტაია 

გამოგვყევით