2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ბინების ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში, Galt & Taggart-მა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს).
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. ამასთან, გაყიდვები მაისში წლიურად 48.1%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის მაისის რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
ამასთან, თბილისში უცხოელებიდან ყველაზე მეტი ბინა ისრაელის (11%) და რუსეთის მოქალაქეებმა (2%) იყიდეს.