logo
Loading data...

ჩირისა და ტკბილეულის საწარმომ "სქირი" მარმელადის წარმოება დაიწყო

ჩირისა და ტკბილეულის საწარმომ "სქირი" მარმელადის წარმოება დაიწყო

1713434400

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე ჩირისა და ტკბილეულის საწარმომ „სქირი“ ასორტიმენტი გაამრავალფეროვნა და მარმელადის წარმოება დაიწყო. 

როგორც კომპანიის  დამფუძნებელი ეკატერინე ხუტკუბია "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს, პროდუქტი ჯერჯერობით საექსპერიმენტოა და ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. რეალიზაცია კი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენებსა და ონლაინ ხორციელდება.

ეკატერინე ხუტკუბიას განმარტებით, "სქირის" მარმელადის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებულია და დაახლოებით მეგრული ფელამუშის კონსისტენციისაა. კერძოდ, ეს არის სხვადასხვა სახეობის სიროფისგან დამზადებული პროდუქტი, რომელიც ბაზარზე პირველად ორბელიანზე, "საახალწლო სოფელში"  წარადგინეს და დიდი ინტერესი გამოიწვია.

‘’მომხმარებელს ყოველთვის  აინტერესებს განსხვავებული ახალი გემოები, რაც აქამდე არ გაუსინჯავს. შესაბამისად, ხშირად მივმართავთ ექსპერიმენტებს, რამაც ამ შემთხვევაში გაამართლა. ჩვენი მარმელადი ფორთოხლის, კივის და ბულგარული წიწაკის ხილის წვენებისგან არის დამზადებული. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი  ექსკლუზიური პროდუქტია, რომლის წარმოებას სამომავლოდ გავზრდით, თუმცა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ამიტომ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, სანამ ახალი პროდუქტის მიმართ გარკვეული ტენდენცია არ გამოიკვეთება, ბაზარს დავაკვირდებით“, - აცხადებს ეკატერინე ხუტკუბია.

გარდა ამისა, "სქირი"  ქართული ხილის ნედლეულისგან სხვადასხვა სახეობის პროდუქტს ამზადებს, როგორიცაა ჩირის ფართო ასორტიმენტი, ტყლაპი, ჩურჩხელები, ჩირის კანფეტები და შოკოლადიანი ჩირის სხვადასხვა სახეობა, პომიდვრის საწებელი, ამასთან აჯიკების ნაირსახეობაც იწარმოება, მაგალითად მწვანე, თხილიანი და პიტნის აჯიკები.

კომპანია ნედლეულის ნაწილს საკუთარი მეურნეობიდან მოიხმარს, ნაწილსაც - ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.

წლის ბოლომდე წარმოებაში ბავშვის ხაზის დამატება იგეგმება, რომელიც მიზნად ისახავს, ჩვეულებრივი კანფეტების, ნატურალური პროდუქციით, ტყლაპებითა და ჩირეულით ჩანაცვლებას. ეკატერინე ხუტკუბიას ინფორმაციით, ბავშვის ხაზის დამატება გასული წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული ტექნოლოგიური პრობლემის გამო  პროექტის განხორციელება ერთი წლით გადავადდა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება წარმოებული პროდუქციის ეტიკეტირება, რისი ფინანსური რესურსიც კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს.

ხუტკუბიას თქმით, ეტიკეტირების ხარჯი დაახლოებით 60 000 ლარამდეა, რის მოზიდვასაც სამომავლოდ რომელიმე სახელმწიფო აგრო პროექტის  საშუალებით  შეეცდება, თუმცა კონკრეტულად რომელი პროგრამით ისარგებლებს, მეწარმე ჯერ ვერ აკონკრეტებს. ჯერჯერობით საწარმო 300 კილოგრამდე ჩირეულს აწარმოებს, თუმცა რესურსი 3-4-ჯერ მეტია.

"სქირის" დამფუძნებლის ცნობით,  სამომავლოდ განიხილება  ექსპორტზე გასვლაც.

ცნობისთვის, ჩირისა და ტკბილეულის საოჯახო  საწარმო „სქირი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.  აღსანიშნავია, რომ „სქირი“ მეგრული სიტყვაა და გამომშრალს ნიშნავს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით