logo
Loading data...

კომპანია"ჰენკა" უალკოჰოლო სასმელი "კომბუჩას" ინდუსტრიულ წარმოებაზე გადავიდა

კომპანია"ჰენკა" უალკოჰოლო სასმელი "კომბუჩას" ინდუსტრიულ წარმოებაზე გადავიდა

1713444060

ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა" "კომბუჩას"  ინდუსტრიულ წარმოებაზე გადავიდა.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიის მიერ წარმოებული გამაგრილებელი სასმელი „კომბუჩას“ ინდუსტრიული წარმოება მიმდინარე წლის  თებერვლიდან დაიწყო. 

გიორგი ჯირკვალიძის ინფორმაციით, ინდუსტრიულ წარმოებამდე "კომბუჩა" პატარა ჩამომსხმელი აგრეგატებით, ორხევში იჯარით აღებულ მცირე საწარმოში ისხმებოდა, მოთხოვნის ზრდამ კი  წარმოების გაფართოების აუცილებლობა გამოიწვია.

მისივე თქმით, „კომბუჩა“ არაალკოჰოლური, ჩაის ფერმენტაციით მიღებული პრობიოტიკული სასარგებლო და ჯანსაღი სასმელია, რომლის სამშობლოდ ჩინეთი და იაპონია ითვლება და 2000 წლის ისტორიას ითვლის.

ინდუსტრიულ წარმოებამდე ჩვენი წარმადობა საათში 300-400 ბოთლი იყო, ხოლო ამ ეტაპზე ჩვენი წარმადობა 5 000 ბოთლისაათში. "კომბუჩა" 8 განსხვავებული არომატით იწარმოება, როგორიცაა: კლასიკური კომბუჩა, ვაშლი-დარიჩინი, უშაქრო -კომბუჩა, მოცვი-ლაიმი, ჟოლო- ქინძი, ჯინჯერი-ლაიმი, მარაკუია-ჯინჯერი და საბავშვო როიბუშზე დამზადებული „კომბუჩა“ მარწყვი.

"კომბუჩა“ ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე HORECA სექტორში იყიდება. მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ დიდია, ამან განაპირობა ინდუსტრიულ წარმოებაზე გადასვლა და ამ კუთხით ინვესტიციის აუცილებლობა. ბაზარზე პროდუქტის ცნობადობა ჯერჯერობით მწირია და ამ მიზნით საინტერესო კამპანიები გვაქვს დაგეგმილი“, - აცხადებს გიორგი ჯირკვალიძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გამაგრილებელი სასმელი ამ ეტაპზე შუშის ბოთლში იწარმოება, თუმცა კომპანია “ჰენკა“ „კომბუჩას“ ქილის ფორმატით გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ ივნისიდან დაიწყება.

ჩვენი მიმართულებაა ჯანსაღი სასმების წარმოებადა სამომავლოდ ძალიან საინტერესო პროდუქტების დამატებას ვგეგმავთ“, - აღნიშნავს გიორგი ჯირკვალიძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია  პირველი ექსპორტის განხორციელებას,  სავარაუდოდ, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გეგმავს.

მოლაპარაკებები გვაქვს ჯერჯერობით მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან, ვინაიდან პროდუქტი ცოცხალია და შესაბამისად შენახვის პირობები მკაცრია (სამაცივრე) და ვადაც მოკლე. ამასთან მიმდინარეობს მუშაობა ისეთ საექსპორტო ნიმუშებზე, რომელიც სტაბილური და მედეგი იქნება სტანდარტული შენახვის პირობების მიმართ“, - აცხადებს გიორგი ჯირკვალიძე.

ცნობისთვის,  კომპანია "ჰენკას" ქარხანა მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელში მდებარეობს.  კომპანიის დირექტორის ცნობით, აღნიშნული პროექტისთვის 4 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "ჰენკა"  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს  ხელშეწყობით გადაიარაღდა. 

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით