logo
Loading data...

კუბების სახით გაყინულ წვენებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება - "გრასი"

კუბების სახით გაყინულ წვენებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება - "გრასი"

1713348000

კუბების სახით გაყინული წვენების მიმართ ქართულ ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურად მატულობს. მსგავსი პროდუქტი ქართული ბაზრისთვის ერთგვარი სიახლეა, რომელსაც კომპანია "გრასი"  მომხმარებლებს სთავაზობს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი სალომე კელენჯერიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს,  წარმოებული პროდუქცია ნიშურია და ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებს. 

როგორც კელენჯერიძე აღნიშნავს, "გრასი" ეს არის კუბების სახით გაყინული წვენი, რომელიც ერთგვარად ბუნებრივ საკვებ დანამატადაც შეიძლება ჩაითვალოს, მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე. კერძოდ, გაყინული კუბები  სუპერფუდს (მცენარეული წარმოშობის პროდუქტები სასარგებლო ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით) წარმოადგენს, რადგან ვიტამინებსა და მინერალებს დიდი დოზით შეიცავენ.

კომპანია ჯეჯილისა და სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის წვენებს კუბებად ყინავს  და ფირფიტების სახით ყიდის. წარმოების წლიური მაჩვენებელი 1500-დან 2000 -მდე ფირფიტას შეადგენს.  კომპანია 10-მდე დასახელების პროდუქტისგან წვენებს ამზადებს. მთავარი აქცენტი ჯეჯილის კუბებზეა, რომლის წილიც გაყიდვაში 50 %-ს შეადგენს.

წარმოებაშია ქაცვის, ნიახურის ღეროების, სტაფილოს, ჭარხლის, გრეიფრუტის, ჯინჯერის და სხვადასხვა კენკრისგან დამზადებული წვენები, რასაც სეზონური ხილ-ბოსტნეულიც ემატება, მათ შორის, ნესვი და საზამთრო. სააღდგომოდ კი კომპანია მომხმარებელს ცოცხალი ჯეჯილის დეკორაციებს სთავაზობს.

როგორც სალომე კელენჯერიძე აღნიშნავს, სეზონზე დაახლოებით 1000-მდე დეკორაცია იყიდება და წელსაც მოლოდინი ანალოგიურია. კომპანიის გაყიდვებში კორპორატიულ სეგმენტს დაახლოებით 70% უჭირავს.

‘’ჩვენი წარმოების არსია, რომ ჯანსაღი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს, 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან არის დამზადებული.  ვადის გასახანგრძლივებელი ყოველგვარი დანამატების გარეშე ვამზადებთ. ხდება შოკური მეთოდით გაყინვა და პროდუქტისთვის სასარგებლო თვისებების შენარჩუნება. წარმოების განვითარება ჯეჯილით დავიწყეთ. გვაქვს ჩვენი სათბური, სადაც მოგვყავს ჯეჯილი ბიოლოგიურად სუფთა ენდემური ქართული ხორბლის მარცვლისგან, ვამუშავებთ და ვყინავთ, როგორც სხვა ნებისმიერ  როდუქტს. ეს არის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გაყიდვებში“, - აცხადებს სალომე კელენჯერიძე.

პროდუქტი იყიდება ‘’ გრასის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით, ასევე ონლაინ და  ბიოპროდუქტების რამდენიმე მაღაზიაში თბილისსა და ბათუმში.

სალომე კელენჯერიძის ინფორმაციით, მომხმარებელი პროდუქტს ნელ-ნელა ეჩვევა. ხოლო როგორი გაგრძელება ექნება ბიზნესს, დიდწილად დამოკიდებულია მომხმარებლის ქცევაზე, გამოიმუშაოს ჯანსაღი კვების ჩვევები და ბიოპროდუქტი უფრო პოპულარული გახდეს.

ცნობისთვის, კომპანია ‘’გრასი“ ქართულ ბაზარზე 2020 წელს დაფუძნდა.  მცირე ზომის საწარმო და სათბური ზაჰესში მდებარეობს, რომლის ფართობი 60 კვ.მ-ია.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით