თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, სასტუმრო "თბილისი პარაგრაფი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას "პარაგრაფ თბილისის" სასტუმროში რესტორან „Cheesefarm”-ის გახსნასთან დაკავშირებით. აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო "პარაგრაფთან". ფართი, სადაც მდებარეობს აღნიშნული რესტორანი, არ ეკუთვნის "პარაგრაფ თბილისს", ის არასოდეს ყოფილა სასტუმროს ნაწილი. რესტორნის ფართი არის კერძო მესაკუთრის მფლობელობაში და არანაირი კავშირი სასტუმროს ადმინისტრაციასთან და მფლობელ კომპანიასთან არ გააჩნია. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრშიც,"-ნათქვამია სასტუმრო "თბილისი პარაგრაფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, Smart Press-ი წერს, რომ თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება. კერძოდ, ის ბაზარზე ოპერირებას Cheesefarm-ის სახელით დაიწყებს.
მათივე ინფორმაციით, რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიხსნება.
"ამგვარად, საქართველო გახდება მეექვსე ქვეყანა მსოფლიოში, სადაც Novikiv Group-ის შემადგენლობაში შემავალი Syrovarnya ქსელის რესტორნებია წარმოდგენილი. თბილისში გამოჩენამდე მისი ობიექტები უკვე გაიხსნა დუბაიში, ერევანში, ალმათიში, დუშანბესა და ტაშკენტში. ახლა ის მოიცავს 38 რესტორანს, რომელიც მუშაობს რუსეთის 20 ქალაქში და მსოფლიოს 6 სხვა ქვეყანაში,"-აღნიშნულია Smart Press-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.