"სამოსელი პირველის" ელექტრონული გაყიდვების პლატფორმა ბაზარზე, დაახლოებით, 2 თვეში გამოჩნდება, - , - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ანა ნინუამ „ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ონლაინ გაყიდვებზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.
გარდა ამისა, ანა ნინუას ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "სამოსელი პირველის" გაყიდვები, დააახლოებით, 70%-ით არის გაზრდილი.
"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. ბოლო პერიოდში დავამატეთ ახალი პროდუქცია. გარკვეული ახალი დეტალები შემოვიტანეთ - მაგალითად, ჯინსის ქსოვილზე გავაკეთეთ კაფსულა კოლექცია და ა.შ. ჩვენი მომხმარებლების 50% უცხოელები არიან.
რაც შეეხება ფასებს - მაგალითად, საქორწინო კაბის ყიდვის ფასი 15 000 ლარამდე მერყეობს. ჩვენ ასევე გვაქვს გაქირავების სერვისი, სადაც ჩოხის ფასი საშუალოდ 500 ლარია, ხოლო კაბების 800-1000 ლარი. გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ თავდაცვის უწყებასთან და მათ ახალუხებს და ფეხსაცმელს ვუკერავთ.
საექსპორტო მიმართულება ამ ეტაპზე დაპაუზებული გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივ ბაზარზე განვითარებას. მათ შორის, გადართული ვართ ონლაინ გაყიდვების პლატფორმის შექმნაზე, რადგან უცხოეთიდან ძალიან ბევრი მომხმარებელი უკვეთავს ჩვენს პროდუქციას", - აცხადებს ანა ნინუა.
მანვე აღნიშნა, რომ მათი მომხმარებლების ძირითადი ნაწილი, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირები არიან.
კომპანია 2009 წელს დაარსდა, ხოლო პირველი მაღაზია 2010 წელს გაიხსნა. ამჟამად ბაზარზე კომპანიას თბილისში ერთი ბრენდული მაღაზია აქვს, რომელიც 2023 წელს გახსნა.
კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფიერებაში ეროვნული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას.