2024 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, 2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 17.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.8 პროცენტი, საშუალოზე - 25.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.1 პროცენტი.
2024 წლის IV კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 33.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 18.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები) შეადგინა.