კომპანია APIELY წარმოების გაფართოებისთვის 100 000 ლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ტარიელ მიდელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, APIELY ფუტკრის რძის წლიურ წარმადობას 15 კგ-დან 50 კგ-მდე ზრდას გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი სტაბილურია და ყველაზე მოთხოვნა პროდუქტი - ფუტკრის რძის კაფსულებია.
"ჩვენ ფუტკრის პროდუქტებს ფარმაცევტული მიმართულებით 2024 წლის ზაფხულიდან ვაწარმოებთ. გაყიდვების მაჩვენებელი სტაბილურია. ამ ეტაპზე მაქვს ფუტკრის რძის კაფსულების 4 ვარიაცია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. გარდა ამისა, მაქვს მამალი ფუტკრის ჰომოგენატი და ფუტკრის პროდუქტები პირველადი ნედლეულის სახით. საწარმო კასპში გვაქვს და მინდა, რომ გაზაფხულზე გავაფართოო როგორც შენობა ისე წარმადობა. რამდენიმე დღის წინ ჩამომივიდა საკაფსულე დანადგარი, რომელიც უფრო დიდი წარმადობა აქვს.
ფუტკრის რძის გამოყვანა ერთ-ერთი რთული პროცესია და საფუტკრეში მანიპულაციების გაკეთება ყოველდღიურად არის საჭირო. გვინდა, რომ წარმადობა 50 კგ-მდე გავზარდოთ, რადგან ფუტკრის რძის კაფსულებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა", - აცხადებს ტარიელ მიდელაშვილი.
გარდა ამისა, APIELY ფუტკრის რძისგან დამზადებული დიაბეტის სამკურნალო კაფსულების გამოშვებას გეგმავს. ტარიელ მიდელაშვილის თქმით, გარკვეული პროცედურებია დარჩენილი, მათ შორის, ლიცენზიის აღება, რომელსაც სურსათის უვნებლობის სააგენტო გასცემს.
"მომავალში, რა თქმა უნდა, ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ. შემუშავებული გვაქვს გარკვეული გეგმები, და გვსურს შევქმნათ პროდუქტები, მათ შორის, ტვინის მკვებავი, იმუნიტეტის გამაძლიერელი და სხვა. გარდა ამისა, სამომავლოდ გვინდა, რომ ქსელურ მარკეტებსა და სააფთიაქო ქსელებში შესვლა და შემდეგ უკვე ბრენდული მაღაზიის გახსნაც", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის "₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულია.