ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის 5-ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, პროექტის ინვესტორებთან ერთად, მონაწილეობა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა მიიღეს. პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
Wyndham Grand Borjomi-ის პროექტის განხორციელებისას 300-ე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპლექსი გააერთიანებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, 400-ზე მეტ საინვესტიციო რეზიდენციას და ბალნეოლოგიურ ცენტრს. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, იქ განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა განაცხადა, მულტიფუნქციური კომპლექსის Wyndham Grand Borjomi-ის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უშუალოდ ბორჯომის, როგორც ტურისტული და ველნეს კურორტის, ასევე საქართველოს, როგორც განვითარებული ბალნეოლოგიური ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე. „ბორჯომი და მისი სამკურნალო წყაროები საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავიზიტო ბარათია. პროექტში საერთაშორისო ბრენდის Wyndham-ის აქტიური ჩართულობა კარგი გზავნილია სხვა საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, რათა მათ ასევე მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში,“ - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ.
პროექტის პირველი ეტაპი 2027 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო კომპლექსი სრულად 2029 წელს ამოქმედდება.
Wyndham Grand Borjomi - ის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების - „ნიუ სითი დეველოპმენტის“ და „აპკოს“ მიერ Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანია Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით.