აპლიკაცია Borbalo, რომელიც ჯარიმების მართვის გასამარტივებლად და მანქანასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა, ესპანეთის, ლატვიის და თურქეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება, - ამის შესახებ Borbalo-ს დამფუძნებელმა კობა ჟღენტმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უცხოურ ბაზრებთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
"აქტიურად ვცდილობთ გავიდეთ რამდენიმე უცხოურ ბაზარზე. კერძოდ, ესპანეთში, ლატვიაში და თურქეთში. ამ ეტაპზე აღნიშნულ სამ ბაზარზე გვაქვს ფოკუსი, თუმცა მოვიაზრებთ შრი-ლანკის და საბერძნეთის მიმართულებასაც. თურქეთის ბაზარზე საკონსულტაციო კომპანია გვყავს, რომელიც მუშაობს, რათა მთავრობისგან ჯარიმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვოს, გარდა ამისა, ლატვიაში იურისტი გვყავს აყვანილი და პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ერთ-ერთ ბაზარზე მაინც უნდა გავიდეთ", - აცხადებს კობა ჟღენტი.
გარდა ამისა, აპლიკაცია პარალელურად ადგილობრივ ბაზარზე ვითარდება. კერძოდ, დღეიდან Borbalo-ს ფასდაკლებების პლატფორმა დაემატა. აპლიკაციის გამომწერები 100-მდე ობიექტში ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
კობა ჟღენტის ცნობით, პლატფორმაზე ადგილობრივ ბრენდებთან ერთად მომხმარებლები საერთაშორისო ბრენდ Airalo-საც შეხვდებიან.
"რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - ამ ეტაპზე აპლიკაციაში 200 000-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Borbalo დაუპარტნიორდა 100-მდე ადგილობრივ მაღაზიას და ბრენდს, მათ შორის, ზოგიერთი არის საერთაშორისო ბრენდი - მაგალითად, Airalo და აღნიშნულ ბრენდებში, ჩვენი აპლიკაციის გამომწერებს დღეიდან ექსკლუზიური ფასდაკლებები ექნებათ", - აცხადებს აპლიკაციის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, აპლიკაცია Borbalo 2 წელია ბაზარზეა. სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.