logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"2025 წელს ველნეს ტურიზმიდან შემოსავლები $978 მლრდ-მდე გაიზრდება" - გლობალური ველნეს ინსტიტუტი

ველნეს ტურიზმიდან გლობალური შემოსავლები 1 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა. ასეთია გლობალური ველნეს ინსტიტუტის  მონაცემები.  დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიოში ველნესი გამორჩეულად სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა და მას აქვს რესურსი, გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გენერატორი გახდეს. ამ ფონზე, ქართველი ველნეს ექსპერტები აუცილებლად მიიჩნევენ საქართველოში ველნეს, იგივე გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას.

როგორც საერთაშორისო ველნეს ექსპერტმა და თსსუ-ს საპატიო დოქტორმა მიხეილ ქოჩიაშვილმა  „ბიზნესპარტნიორს“  განუცხადა, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2030 წელს  ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლები 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

მისივე განმარტებით, ველნეს ტურიზმი მთელ მსოფლიოში პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში გააქტიურდა, რა დროსაც ადამიანის ჯანმრთელობა, მისი გაჯანსაღება, რეაბილიტაცია და დაავადებების პრევენცია განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირებისა და გაუმჯობესებისადმი ინტერესის ზრდამ კი კეთილმოწყობილი და ადაპტირებული დაწესებულებებისა, თუ მომსახურებების განვითარებაც დააჩქარა. შესაბამისად, მთელ მსოფლიოში, ბოლო წლებში, ამ მიმართულებით სულ უფრო მეტი რესურსი იხარჯება.

„ბუნებრივია, ამ აქტივობებს შესაბამისი ფინანსური შედეგებიც მოჰყვა და გლობალური ველნეს ინსტიტუტის ინფორმაციით, ველნეს ტურიზმი მსოფლიოში ძალიან მზარდი - ამჟამად, უკვე თითქმის ტრილიონი დოლარის ღირებულების ინდუსტრიაა. კერძოდ, ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასულ წელს - 895 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2025 წელს ნავარაუდევია, რომ შემოსავლები 978 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, 2029 წელს კი თითქმის ერთ-ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს“, - აღნიშნა მიხეილ ქოჩიაშვილმა, საერთაშორისო ველნეს ექსპერტმა.

მისივე განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ველნეს ტურიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამყარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, შესაბამისად, მისი საქართველოში განვითარება, სახელმწიფომ პრიორიტეტულ ამოცანად უნდა დაისახოს.

„დღეს ტურიზმის ეს მიმართულება ქვეყანაში ქაოსურად ვითარდება, რასაც რამდენიმე მიზეზი და გამოწვევა განაპირობებს. საქართველოს კლიმატური და ბუნებრივი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქვეყანას ამ მიმართულებით განვითარებისა და ველნეს ტურიზმით მსოფლიოს მოსახლეობის დაინტერესების შესაძლებლობა აქვს, თუმცა, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. პირველი ამოცანა ამ მხრივ, სასწავლო სისტემის შექმნაა, რადგან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ასევე გასაკეთებელია საკანონმდებლო სისტემა და გასამიჯნია, თუ რა არის ველნეს და რა სამედიცინო ტურიზმი“,  - აღნიშნა მიხეილ ქოჩიაშვილმა.

ექსპერტების მიერ გამოწვევებს შორის სახელდება ცნობადობის დეფიციტიც. მათივე შეფასებით, ველნეს ტურისტების მოსაზიდად საჭიროა აქტიური მარკეტინგული კამპანიები სამიზნე ბაზრებზე, რადგან საქართველოს, როგორც ბუნებრივი ბალნეოლოგიური რესურსებითა და მინერალური წყლებით მდიდარ ქვეყანას, მხოლოდ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში იცნობენ.

ცნობისთვის, მსოფლიოში ველნეს ტურიზმის ლიდერები - აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და შვეიცარია არიან. აღნიშნულ ქვეყნებში ველნეს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ყოველწლიურად, 17 მილიარდი დოლარიდან 300 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

გამოგვყევით